გიორგი ამილახვარი ამ დრომდე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ახლა განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებებზე საუბარი დაიწყო.

  • 18 მარტს, ბორჯომში უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რამდენიმე დეპუტატი და მინისტრი არ ესწრებოდა, მათ შორის, მიხეილ ჩხენკელი.
  • ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ თქვა, რომ შეხვედრაზე განათლების მინისტრთან დაკავშირებით, შესაძლო საკადრო გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს.
  • ამილახვარი ერთ-ერთია იმ 76 დეპუტატს შორის, რომლებმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა.

კიდევ რით დაგვამახსოვრა თავი ამილახვარმა: დეპუტატი 1984 წელს მოსკოვშია დაბადებული. ქართული ოცნების სხვა სახეებისგან განსხვავებით ხშირი და ხმამაღალი განცხადებებით ცნობილი არ არის.

  • 2020 წელს ის საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი ქართული ოცნების პარტიული სიით გახდა, 2021 წელს კი განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
  • ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დეპუტატს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და სამართლის მაგისტრია.
  • 2022 წელს დეკემბერში ის საქართველოს დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოყალიბების ინიცატივით გამოვიდა — ეს კითხვა მან განათლების მინისტრობის მაშინდელ კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს დაუსვა.
  • იმავე პერიოდში მთავრობის დამტკიცების სხდომაზე პრემიერმინისტრობის მაშინდელ კანდიდატს, გიორგი გახარიას ჰკითხა, რა უნდა იყოს განათლების მისია.
  • ამილახვარი იმ დეპუტატების სიაშია, ვინც პროკურატურას ნიკა მელიას დაკავების უფლება მისცა, შემდეგ კი ამბობდა, რომ მელიასთან შერიგება არავის სჭირდება.
  • ის 2021 წელს მიღებული საერთო სასამართლოების კანონის ინიციატორიცაა, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა.
  • უფრო მეტის გაგება მის მიერ მხარდაჭერილ და უარყოფილ კანონპროექტებზე აქ შეგიძლიათ.
  • 2022 წელს, ვაკის პარკის ტრაგედიაზე საუბრისას მან პასუხისმგებლობა მოზარდების მეთვალყურეებზე გადაიტანა, რის გამოც მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.

სამუშაო გამოცდილება: პარლამენტის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში ამილახვარი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

  • 2010-2020 წელი — თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში;
  • 2008-2010 წელი — ლიტვური საინვესტიციო კომპანია შპს სავერუსის ფილიალი საქართველოში სავერუს ჯორჯია მთავარი იურისტი;
  • 2007-2008 წელი — სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მთავარი სპეციალისტი.
  • მანამდე, 2004 წელი — კლინტონ დავის პალასი — ადვოკატები, ადვოკატის თანაშემწე ლონდონში.

რა ქონებას ფლობს ამილახვარი: 2023 წელს ამილახვარს 14-გევრდიანი ქონებრივი დეკლარაცია აქვს წარდგენილი, საიდანაც ვიგებთ, რომ 2006 წელს აჩუქეს 145,73 კვ.მ მანსარდა, 132,79 კვ.მ ბინა თბილისში, ყაზბეგზე და 31,9 კვ,მ სარდაფი.

  • 2011 წელს, ერთ დღეში, ამილახვარის ცოლმა, ნინო წერეთელმა თბილისში ნასყიდობით შეიძინა ბინა, მეორე სართულისა და ტერასის ჩათვლით, ჯამში 390,34კვ.მ, რომელშიც 500 000 ლარი გადაიხადა. ასევე, 25,94 კვ.მ ფარეხი — 15 000 ლარად.
  • გარდა ამისა, მან 2011 წელს თბილისში 10,31 კვადრატული მეტრის დამხმარე ფართში 10 000 ლარი გადაიხადა და შეიძინა კიდევ ერთი ავტოფარეხი, თუმცა რა თანხად, მითითებული არაა.
  • ხოლო ამილახვარმა 2018 წელს 76,92 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართში 3 000 დოლარი გადაიხადა, ასევე 50,51 კვ.მ ჰოლში — 5 000 ლარი, რომელიც სამ ადამიანთან თანამესაკუთრეობაში აქვს.
  • ამილახვარმა 2021 წელს, სოფელ შინდისში, 2 314 კვ.მ მიწის ნაკვეთში 798 000 ლარი გადაიხადა.
  • ამის ფონზე, ძველი, 2021 წლის დეკლარაციიდან კი ვიგებთ, რომ 2018-2020 წლებში დეპუტატს $85 000-ის იპოთეკური სესხი ჰქონდა.

საათები და აქსესუარები: ახლად წარდგენილი მინისტრის ოჯახს ძვირადღირებული საათები განსაკუთრებულად უყვარს.

  • 2014 წელს მისმა ცოლმა საათში 22 000 ლარი გადაიხადა.
  • ამავე წელს ნინო წერეთელმა 3 ბეჭედში, საყურეებსა და ყელსაბამში — 47 000 ლარი გადაიხადა.
  • 2015 წელს ამილახვარმა 25 000 ლარის საათი შეიძინა.
  • 2017 წელი: ორი ფერწერული ტილო — 28 000 ლარი.
  • 2019 წელს ამილახვარმა Mercedes GLE 450-ის მსუბუქ ავტომანქანაში 76 000 ევრო გადაიხადა.
  • 2022 წელს ამილახვარმა და მისმა ცოლმა ერთ დღეში ორი საათი და ერთი ბეჭედი იყიდეს: საათი — 9 700 ევრო, მეორე საათი — 4900 ევრო, ოქროს ბეჭედი — 3 200 ევრო.
  • დეკლარაციაში იპოვით ანტიკვარულ ავეჯი-საათს და როიალს, რომელიც ნაჩუქარია, შესაბამისად, ფასი არ არის მითითებული.

ანაბრები: ამილახვარს ორივე შვილისთვის პროკრედიტ ბანკში ანაბარი აქვს გახსნილი, რომელიც, საერთო ჯამში, 54 000 დოლარს შეადგენს.

  • ცოლის, ნონო წერეთელის სახელზე საქართველოს ბანკში გახსნილია ანაბარი, რომელზეც 42 680 დოლარია.
  • ასევე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ცოლს ნაღდი ფულის სახით 50 000 დოლარი უფიქსირდება, რომლის წყაროდაც შემოსავლიდან დანაზოგია მითითებული.
  • დეპუტატის და მისი ოჯახის წევრების მიმდინარე ანგარიშებზეც ათასობით ლარი ირიცხება.

სამეწარმეო საქმიანობა: ამილახვარი და მისი ცოლი რამდენიმე კომპანიის მეწილე არიან (ნიმი 1 საქართველო, ნიმი 2 საქართველო და თოუ დეველოპმენტი), მათ შორის, ერთ-ერთი კომპანიის წლიური შემოსავალი 423 686 ლარია.

  • გიორგი ამილახვარს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეობის ერთ წელში შემოსავლის სახით მიღებული აქვს 53 501 ლარი.

შემოსავალი და გასავალი: ამილახვარის და მისი ცოლის გასავალი გარდა ძვირადღირებული საათებისა და სამკაულებისა, ძვირადღირებულ ტანსაცმელსა და შვილების განათლებაშიც აისახება.

  • გასავალი: შვილის განათლება — 25 000 ლარი.
  • გასავალი: შვილის განათლება — 5 900 დოლარი.
  • გასავალი: დახმარება — 20 000 ლარი.
  • გასავალი: სახლის მშენებლობა — 350 000 ლარი.
  • გასავალი: საზღვარგარეთ მოგზაურობა ამილახვარსა და მის ცოლს, საერთო ჯამში, 55 000 ლარი დაუჯდათ.
  • შემოსავალი: მანქანის გაყიდვა — 44 000 დოლარი.
  • ხოლო 2022 წლის დეკლარაციის მიხედვით, მას და მის ცოლს ტანსაცმლის შეძენასა და მოგზაურობაში 120 000 ლარი აქვთ დახარჯული.