რატომ არის მნიშვნელოვანი: ნიუ-იორკში მანჰეტენის ოლქის პროკურორი იძიებს დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ საქმეს და იქმნება მოლოდინი, რომ აშშ-ის ექსპრეზიდენტს მომდევნო კვირაში ბრალს წაუყენებენ.

  • თუ ასე მოხდება, ეს იქნება პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აღიძრა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ.
  • ტრამპი დაკავებას თავადვე აანონსებს და მოუწოდებს მხარდამჭერებს გააპროტესტონ ეს, რაც მედიებისა და ექსპერტების ნაწილმა საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მოწოდებას შეადარა, რომელმაც წაახალისა ძალადობა და კაპიტოლიუმში შეჭრა.

დეტალები: ტრამპმა, რომელიც ხელახლა იყრის კენჭს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე დაწერა, რომ "წამყვან რესპუბლიკელ კანდიდატსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს" სამშაბათს დააპატიმრებენ.

  • ექსპრეზიდენტის სპიკერმა და ადვოკატმა თქვა, რომ მისი პოსტი ეყრდნობოდა მედიის ანგარიშებს და არა რაიმე რეალურ განახლებას ან კომუნიკაციას პროკურორებთან.
  • ექსპრეზიდენტის პოსტში ნახსენებია ინფორმაციის უკანონო გაჟონვა მანჰეტენის საოლქო პროკურატურის ოფისიდან, თუმცა უწყება კომენტარს არ აკეთებს.
  • AP ხაზს უსვამს, რომ ტრამპს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომ უშუალოდ იყო ინფორმირებული მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ და არ უთქვამს, საიდან იცოდა ასეთი გეგმების შესახებ.
  • The New York Times-ს კი წერს, რომ ორშაბათს მოსალოდნელია კიდევ ერთი მოწმის დაკითხვა და ნაფიცმა მსაჯულებმა ორშაბათსაც რომ უარყონ კენჭი, ლოჯისტიკური საკითხების გათვალისწინებით, სამშაბათს ბრალდების ჩაბარება ნაკლებად სავარაუდოა.

რა ვიცით ტრამპის საქმეზე: ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის თანხის გადახდას ეხება.

  • ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა აღიარა, რომ დენიელს დუმილისთვის $130 ათასი გადაუხადა და ამტკიცებს, რომ გარიგებების ინიციატორი თვითონ ტრამპი იყო.
  • დენიელსის თქმით, მას ფული გადაუხადეს, რომ საჯაროდ არ ესაუბრა რომანზე რომელიც ტრამპთან წლების წინ ჰქონდა — ექსპრეზიდენტი ამას უარყოფს.
  • არსებული ინფორმაციით, ტრამპმა მაიკლ კოენს ეს თანხა აუნაზღაურა — როგორც BBC წერს, ჩანაწერში ნათქვამია, რომ ეს იყო "იურიდიული საფასური".
  • პროკურორის ოფისი, იკვლევს, დაირღვა თუ არა ტრამპმა სახელმწიფო კანონები გადახდებთან დაკავშირებით.
  • როგორც CNN წერს, ეს სისხლის სამართლის ბრალდება წარმოადგენს ტრამპის სამართლებრივი პრობლემების დრამატულ ესკალაციას, რადგან ის თეთრ სახლში დასაბრუნებლად მუშაობს.
  • ნიუ-იორკში ფულის გამოძიების გარდა, მას ემუქრება ცალკეული სისხლის სამართლის გამოძიებები ატლანტასა და ვაშინგტონში 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის გამო.
  • ხოლო იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური პროკურორი იძიებს ტრამპის მიერ საიდუმლო დოკუმენტების ფლობას.

გამოხმაურებები: პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა კევინ მაკკარტიმ შაბათს ტვიტერზე დაწერა, რომ ყოფილი პრეზიდენტისადმი ნებისმიერი პოტენციური ბრალდება წარმოადგენს მანჰეტენის ოლქის პროკურატურის "უფლებამოსილების აღმაშფოთებელ ბოროტად გამოყენებას".

  • AP-ის ინფორმაციით, მსგავი შინაარსის განცხადება გაავრცელა პალატის მესამე რანგის რესპუბლიკელმა, ელის სტეფანიკმაც.
  • მაიკ პენსმა, რომელიც ტრამპის დროს ვიცე-პრეზიდენტი იყო, განაცხადა, რომ მანჰეტენის ოლქის პროკურორის გამოძიებას "პოლიტიკური დევნის" სუნი აქვს.