ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების მოქმედმა დეპუტატმა TV პირველთან ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 7 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ქართული ოცნებისგან ფორმალურად წასული, ანტიდასავლური ძალის მიერ ინიცირებული რუსული კანონი.

  • კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის, დავით სერგეენკომ.
  • საერთაშორისო კრიტიკის, მასობრივი პროტესტის, აქციების დაშლის და დარბევის შემდეგ, 10 მარტს პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო.
  • დღეს, 18 მარტს ქართულმა ოცნებამ ბორჯომში, სამუშაო შეხვედრაზე გადაღებული კადრები გაავრცელა, რომლებშიც სერგეენკო და კიდევ რამდენიმე დეპუტატი და მინისტრი არ ჩანს.

დეტალები: ნოდარ მელაძის შაბათის ინფორმაციით, პარტიიდან რამდენიმე დეპუტატი წასვლას გეგმავს, ნაწილს კი წინააღმდეგობის გამო გაუშვებენ — ხოლო სერგეენკო ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც ქართული ოცნებიდან მიდიან.

  • ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ დადის პარლამენტში და მიდის თუ არა ოცნებიდან, სერგეენკო პირდაპირ არ პასუხობს და ამბობს, რომ მალე იქნება შეჯერებული განცხადება და ურჩევნია, წინასწარ პოზიცია არ გამოხატოს.
  • "მე მართლა კარგად მესმის თქვენი ინტერესი რომ ამ პროცესებში ჩახედული იყოთ, მაგრამ მეც ვალდებული ვარ გარკვეული წესები დავიცვა და წინასწარ არ დავიწყო გარკვეული მოვლენების შეფასება", — ამბობს ის.

  • აქვე პოლიტიკიდან წასვლას აანონსებს და ხაზს უსვამს, რომ "რაც არ უნდა მოხდეს" ეს ბოლო მოწვევის პარლამენტია რომელშიც იქნება.

  • "მირჩევნია ექიმად ვიმუშაო. ცალსახად, მე-10 მოწვევა ბოლო მოწვევაა, როცა მე პარლამენტში, საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში ვარ", — უთხრა მან ჟურნალისტს, შემდეგ კი თქვა, რომ ქართული ოცნების ოპოზიციაში ყოფნას არ აპირებს.

  • კითხვაზე, რა გეგმები აქვს და რას აპირებს, ამბობს, რომ დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება პარტიის შეჯერებული პოზიცია.

  • "საბოლოო ჯამში ახლა იქნება თუ პარლამენტის ვადის დასრულების შემდეგ, ვფიქრობ, პროფესიას დავუბრუნდები", — ამბობს ის, რითიც მიანიშნებს, რომ პარტიიდან მისი წასვლა განიხილება.

  • კიდევ ერთი მინიშნება იყო, როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, რას სთავაზობენ მას დარჩენის სანაცვლოდ, სერგეენკომ კი თქვა, რომ საუბარი არ არის იმაზე, რომ დაითანხმონ, არამედ შეჯერებულ გადაწყვეტილებაზე.

რუსულ კანონზე საუბრისას აცხადებს, რომ ყველას აქვს უფლება და ვალდებულება თავისი პოზიცია გამოხატოს.

  • კითხვაზე, რატომ იყო მიუღებელი რუსული კანონი და რატომ არ მივიდა კენჭისყრაზე, ასე პასუხობს: "ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს. მართალი გითხრათ, ვერ გეტყვით, რომ დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი, არ მაქვს ამის კომპეტენცია. მაგრამ ვხედავდი ამ დამოკიდებულებას და ეს იყო ალბათ გადაწყვეტილების საფუძველი".
  • განმარტავს, რომ მის გადაწყვეტილებაზე საპროტესტო აქციებს არ მოუხდენია გავლენა, რადგან აქციები ჯერ ძალაში არ იყო შესული, როცა კენჭისყრა ჩატარდა.
  • ხოლო კითხვაზე, რას ფიქრობს აქციების დაშლაზე ასე პასუხობს: "ჩემი ბუნებით და პროფესიით, ყოველთვის ნეგატიურად ვუყურებ იმას, როცა ადამიანი დაზიანებას იღებს".
  • ჟურნალისტი იმითაც დაინტერესდა, როგორ გაიგო მან, რომ კანონს გაიწვევდნენ.
  • "მესიჯბოქსი, მე... ჯგუფში ხომ გვაქვს კომუნიკაცია და ნუ მედიიდანაც, რა თქმა უნდა. შიდა კომუნიკაციის თემებია და მართლა არ მინდა, რომ ამაში ჩავღრმავდე", — ამბობს ის.