განცხადება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაქვეყნა და თეა წულუკიანმა ფეისბუქგვერდზე გაიზიარა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დავით კაჭარავა ქართული ოცნებისგან ფორმალურად გამიჯნული, პრორუსული და ანტიდასავლური ხალხის ძალის დეპუტატია.

  • ის რუსული კანონის ერთ-ერთი ინიციატორია, რომელიც მასობრივი პროტესტის შემდეგ ჩააგდეს.
  • 7 მარტს რაგბის ქომაგებმა განაცხადეს, რომ ეამაყებოდათ და ქომაგობდნენ, როცა კაჭარავა ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, თუმცა რაც ხდება, სამარცხვინოა.
  • კანონის ჩაგდების შემდეგ, 14 მარტს კაჭარავამ დაწერა, რომ 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ატარა ნაკრების კვართი, "რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო" და იქვე დაამატა: "თქვენ მასწავლით რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე რომ კითხვაც არ დამისვა!!! რა ხდება კაჭიო?!"
  • 16 მარტს გულშემატკივრებმა პეტიცია გაავრცელეს და მოითხოვეს, მან რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს.
  • "ჩვენ, ქართული რაგბის გულშემატკივრებს, მიგვაჩნია, რომ თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნისთვის ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რაგბის კავშირის გამგეობას ხელმძღვანელობს, არ უნდა იყოს შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ და მეტიც, მოღალატეობრივ პოზიციაში", — ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.
  • პასუხად რაგბის კავშირში თქვეს, რომ ეს პოლიტიკურ-პარტიულ დაპირისპირებაში მათი ჩათრევის სისტემური და მიზანმიმართული მცდელობაა და ამის გამო წუხილს გამოთქვამენ.

სპორტის სამინისტრო წერს, რომ "ვეტერან ბორჯღალოსანს, ერთ-ერთ გამორჩეულ მორაგბეს" მხარდაჭერას უცხადებს და მკაცრად გმობს მის მიმართ სხვადასხვა მედიასაშუალებით თუ სოციალური ქსელით გავრცელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

  • "დავით კაჭარავა ბორჯღალოსანთა იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც ქართული სპორტის გულშემატკივარს არაერთი დაუვიწყარი წუთი აჩუქა და თავის ქვეყანას ისტორიული გამარჯვებები მოუტანა", — აცხადებს უწყება და იწყებს იმის ჩამოვლას, სად და როდის ითამაშა კაჭარავამ.
  • მაგალითად, ხაზს უსვამს, რომ ის "ეროვნული ნაკრების კვართით" ოთხ მსოფლიოს თასზე გავიდა და საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს თასზე ნამიბიასთან მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაში თავისი წვლილი ლელოთი შეიტანა.
  • "ის არის სპორტსმენი, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართით 122 თამაში ჩაატარა, 125 ქულა დააგროვა და ბორჯღალოსნებთან ერთად 11-ჯერ მოიგო "რაგბი ევროპის" ჩემპიონატი, სხვა მეტოქეებთან ერთად, რუსეთის ნაკრების დამარცხებითაც", — აღნიშნავს სამინისტრო.

დეტალები: უწყება წერს იმასაც, რომ კაჭარავამ და მისი თაობის მორაგბეებმა ქართული რაგბის განვითარებას მტკიცე საფუძველი ჩაუყარეს და "მათი თავდადების საუკეთესო გამოძახილი იყო" შარშან ჩვენი ნაკრების მიერ იტალიისა და უელსის დამარცხება.

  • სამინისტრო ირწმუნება, რომ დღეს კაჭარავას შეურაცხყოფა ჩრდილს აყენებს არა მარტო მას, არამედ ქართულ რაგბის, რომელმაც საქართველოს არაერთხელ მოუტანა დიდი სიხარული.
  • "დღეს დავით კაჭარავასა და, საზოგადოდ, ქართულ რაგბის მშვიდი, სტაბილური გარემო სჭირდებათ იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები საფრანგეთში გასამართი (8 სექტემბერი-28 ოქტომბერი) მსოფლიოს თასისთვის საუკეთესო პირობებში მოემზადოს და იქ ქართული რაგბის ახალი ისტორია დაწეროს", — ასე ასრულებს უწყება სოლიდარობის პოსტს და არსად ახსენებს რუსულ კანონს, რომლის გამოც კაჭარავას აკრიტიკებენ.
  • "კაჭიიი, შე ყველაზე მაგარო", — წერს დეპუტატი სანიკიძე და ამ პოსტს თავის გვერდზე აზიარებს.