დღეს ცნობილი გახდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტზე და რუსეთში ბავშვთა უფლების კომისარზე დაკავების ორდერები გასცა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ორდერს საფუძვლად უდევს უკრაინაში წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომი.

  • სასამართლო ომის დანაშაულების ჩადენის გამო რუსეთის პრეზიდენტს ინდივიდუალურ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს.
  • "ვლადიმერ ვლადიმროვიჩ პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე, მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში", — ნათქვამია განცხადებაში.

დეტალები: ჯონათან ლიდერ მეინარდი, ლონდონის კინგს კოლეჯის საერთაშორისო პოლიტიკის ლექტორი, ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა რომ მოკლევადიან პერსპექტივაში სასამართლოს გადაწყვეტილებამ პუტინი დიდად შეაშფოთოს.

  • "ICC ეყრდნობა მთავრობების თანამშრომლობას ხალხის რეალურად დასაპატიმრებლად და რუსეთის მთავრობა აშკარად არ აპირებს ამ კუთხით თანამშრომლობას, ასევე, ის არც რომის სტატუტის ხელმომწერია", — განაცხადა მან.
  • თუმცა, პოლიტოლოგის შეფასებით, ამან შესაძლოა პუტინს შემდგომი გართულებები შეუქმნას, როცა მსოფლიოში გადაადგილებას მოისურვებს ან მისი ხელისუფლება შეიცვლება.
  • პუტინს გაუჭირდება მოგზაურობა იმ ქვეყნებში, რომლებიც ICC-ისთან არიან კავშირში.
  • Human Rights Watch-ის თქმით, ორდერები "აგზავნის მკაფიო მესიჯს, რომ სერიოზული დანაშაულის ჩასადენად ბრძანების გაცემამ შეიძლება ჰააგის ციხის საკანში მოხვედრა გამოიწვიოს".
  • პუტინის პრესსპიკერმა სასამართლოს გადაწყვეტილებას აღმაშფოთებელი და მიუღებელი უწოდა და ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ რუსეთი რამდენიმე სხვა სახელმწიფოსთან ერთად, არ ცნობს ამ სასამართლოს იურისდიქციას.