დღეს ცნობილი გახდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტზე და რუსეთში ბავშვთა უფლების კომისარზე დაკავების ორდერები გასცა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ორდერს საფუძვლად უდევს უკრაინაში წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომი.

  • სასამართლო ომის დანაშაულების ჩადენის გამო რუსეთის პრეზიდენტს ინდივიდუალურ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს.
  • "ვლადიმერ ვლადიმროვიჩ პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე, მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში", — ნათქვამია განცხადებაში.

დეტალები: ფაქტს გამოეხმაურა მარია ზახაროვა, რომელმაც თანამოაზრეები დაამშვიდა და შეახსენა, რომ რუსეთზე ჰააგის სასამართლოს უფლებამოსილებები არ ვრცელდება.

  • "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს ნიშნავს, მათ შორის იურიდიულად. რუსეთი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანა და მის წინაშე ვალდებულებები არ აქვს", — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.