10 თვის გოგონები, ჩრდილოეთ კაროლინადან, უიშვიათეს მდგომარეობაში დაიბადნენ - ისინი ერთმანეთთან თავით არიან შეერთებულნი. რამდენიმე თვიანი დაგეგმვის და მომზადების შემდეგ, ტყუპებს წინა კვირას 11 საათიანი ოპერაცია, ფილადელფიის ბავშვთა კლინიკაში ჩაუტარდათ.

“ტყუპების ერთმანეთისგან დაშორება ძალიან კომპლექსური ოპერაციაა, რომელსაც ხანგრძლივი და რთული სარეაბილიტაციო მკურნალობა მოჰყვება, მაგრამ ჩვენ დადებითი შედეგის იმედი გვაქვს“, განაცხადა პლასტიკურმა ქირურგმა ჯესი ტეილორმა, რომელმაც ოპერაცია ნეიროქირურგ გრეგორი ჰოიერთან ერთად ჩაატარა.

მდგომარეობის სიმძიმე იმაზეა დამოკიდებული, თუ სხეულის რა ნაწილით არიან ტყუპები გადაბმულები. ერთ-ერთი ექსპერტის თქმით, თავით გადაბმული ტყუპების გადარჩენის შანსი ყველაზე ნაკლებია.

ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ცნობით, კლინიკაში ბოლო 60 წლის განმავლობაში ერთმანეთთან გადაბმული 22 სხვა ტყუპი დააშორეს, მაგრამ მათ შორის არც ერთი არ ყოფილა თავით დაკავშირებული.

კლინიკის განცხადებით, ტყუპებს სავარაუდოდ დამატებითი ოპერაციები დასჭირდებათ, მათი სახლში გაგზავნა კი წლის ბოლოს იგეგმება.