ამ მოთხოვნით რაგბის გულშემატკივრებმა პეტიცია გაავრცელეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დავით კაჭარავა პრორუსული, ანტიდასავლური და ქართული ოცნებისგან ფორმალურად გამიჯნული ხალხის ძალის დეპუტატია.

  • რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ერთ-ერთი ინიციატორია რუსული კანონისა, რომლის მიზანიც მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა იყო და რომლის გაწვევაც პარლამენტს საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ მოუწია.

დეტალები: კაჭარავას გადადგომას რაგბის ქომაგები სწორედ იმის გამო ითხოვენ, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგაც მან მხარი არ დაუჭირა რუსული კანონის ჩაგდებას.

  • "ჩვენ, ქართული რაგბის გულშემატკივრებს, მიგვაჩნია, რომ თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნისთვის ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რაგბის კავშირის გამგეობას ხელმძღვანელობს, არ უნდა იყოს შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ და მეტიც, მოღალატეობრივ პოზიციაში", — ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.
  • გულშემატკივრების თქმით, არ დავიწყებიათ ის გულისწყვეტა, სირცხვილის, უხერხულობისა და იმედგაცრუების შეგრძნება, როცა კაჭარავას წასვლით გულნატკენებმა, სპორტსმენი მეორე დღესვე ქართული ოცნების პარტიულ სიაში ნახეს.
  • "რაგბი არის საქართველოს, მისი მოქალაქეების საკუთრება, ჩვენი საამაყო სპორტი. ის იმ ადამიანებს ეკუთვნის, რომლის უმეტესობაც უარს ამბობს რუსულ კანონზე და გეზი აქვს აღებული ევროპისკენ, ამიტომ ამ ეროვნული სპორტის ბედის განმსაზღვრელი ვერ იქნება ადამიანი, რომელიც როგორც პარლამენტარი, საპირისპიროს აკეთებს", — აცხადებენ პეტიციის ავტორები.