პალეონტოლოგებმა ძველი ნამარხის ანალიზის შედეგად ყველაზე გრძელი კისრის მქონე დინოზავრი გამოავლინეს. ესაა ახლანდელი ჩინეთის ტერიტორიაზე მობინადრე ზავროპოდი Mamenchisaurus sinocanadorum, რომლის კისრის სიგრძეც დაახლოებით 15.1 მეტრამდე აღწევდა.

აღსანიშნავია, რომ დიდი ზომის დინოზავრების შესწავლა მარტივი არაა, რადგან მათი ჩონჩხები დღემდე მხოლოდ ცალკეული ძვლების სახითაა შემორჩენილი, მეტწილად კისრისა და თავის ქალის. ამ დაბრკოლების გადასალახად, სპეციალისტებმა Mamenchisaurus sinocanadorum-ის ევოლუციურ ფესვებზე დაყრდნობით ჩონჩხებს შორის არსებული მორფოლოგიური სხვაობა შეისწავლეს და სხეულის ყველაზე რეალურ მახასიათებლებზე შეჯერდნენ.

სწორედ ასე დადგინდა ზემოხსენებული სახეობის წარმომადგენელთა კისრის სიგრძე, რომლითაც ისინი არა მხოლოდ ზავროპოდებს შორის არიან გამორჩეულნი, არამედ, დიდი ალბათობით, ცხოველთა მთლიან სამეფოში.

ფოტო: Trustees of the Natural History Museum

"ყველა ზავროპოდი დიდი იყო, მაგრამ გრძელი კისრები მათ ასე სწრაფად არ ჩამოჰყალიბებიათ. მამენსიზავრიდებს დიდი მნიშვნელობა აქვთ, რადგან მათ კისრის სიგრძის ზღვარს გადააჭარბეს, რითაც ზავროპოდებში პირველები იყვნენ. 15-მეტრიანი კისრით Mamenchisaurus sinocanadorum რეკორდსმენია, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ უფრო გრძელს არ აღმოვაჩენთ", — აცხადებენ მეცნიერები.

მსგავსი მახასიათებლით ამ სახეობის დინოზავრებს შესაძლებლობა ექნებოდათ, რომ ისეთი საკვები მოეპოვებინათ, რომელსაც სხვები ვერ სწვდებოდნენ. ეს მათ ზრდასა და გაძლიერებას შეუწყობდა ხელს, მაგრამ 15-მეტრიანი კისრის გაკონტროლება მარტივი არ იქნებოდა.

ფოტო: Trustees of the Natural History Museum

მკვლევრები ამბობენ, რომ მამენსიზავრიდებს რთული სასუნთქი სისტემა ჰქონდათ, რომელიც ფილტვების გარდა მასთან დაკავშირებულ, ბუშტის მსგავს ალვეოლებს მოიცავდა. ისინი ცხოველთა კისრის შიგნით მთლიან არეალში, გულ-მკერდსა და მუცლის არეში ვრცელდებოდა.

უნდა ითქვას, რომ Mamenchisaurus sinocanadorum-ის გიგანტური კისრის მიუხედავად, სხეულის სიდიდით პირველობას ისევ Patagotitan mayorum იკავებს, რომლის ნიმუშსაც საზოგადოებას ლონდონის საბუნებისმეტყველო მუზეუმი ახალი გამოფენის ფარგლებში წარუდგენს.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Journal of Systematic Palaeontology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.