NASA-მ და კომპანია Axiom Space-მა საზოგადოებას Artemis-ის მისიებისთვის განკუთვნილი სკაფანდრი წარუდგინა, რომელშიც მთვარეზე გაგზავნილი ასტრონავტები გამოეწყობიან. მათ შორისაა პირველი ქალი და პირველი ფერადკანიანი, რომლებიც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ფეხს დადგამენ, რაც ისტორიული მოვლენა იქნება.

მანამდე მისია Artemis II შედგება, რომელიც მომდევნო წელსაა ჩანიშნული. ის მთვარის ორბიტაზე ეკიპაჟის გაშვებას ითვალისწინებს, მის ზედაპირზე კი ადამიანები 2025 წელს დაეშვებიან, პირველად 1972 წლის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოს ახალი სკაფანდრი დიდი ხანია, არ წარუდგენია. აქამდე უკანასკნელი დიზაინი პროგრამა Space Shuttle-ისთვის შემუშავდა, ბოლო კი Axiom Space-სთან ერთად შეიქმნა და ის მთვარის სამხრეთ პოლუსის მკაცრ პირობებში ხანგრძლივ მისიებსაც გაუძლებს.

ფოტო: Axiom Space

NASA-მ გასული წლის სექტემბერში განაცხადა, რომ პროგრამა Artemis-ისთვის სკაფანდრის შესაქმნელად Axiom Space შეარჩია. ერთი წლის შემდეგ, 15 მარტს, მათ ონლაინ ღონისძიებაზე საზოგადოებას მრავალთვიანი შრომის შედეგი აჩვენეს. ის Axiom Extravehicular Mobility Unit (AxEMU)-ის სახელითაა ცნობილი და შეფერილობით საკმაოდ განსხვავდება იმისგან, რაც ასტრონავტებს მთვარეზე პირველი სტუმრობისას ეცვათ. მას თეთრი გარეთა ფენა დაემატება, რომელსაც მზის სხივების არეკვლის ფუნქცია ექნება.

ახალი სკაფანდრი კომპანია Axiom Space-ის ბრენდის ფერებშია გადაწყვეტილი, ანუ ნარინჯისფერში, ლურჯსა და შავში. მასზე ასევე მუშაობდა Apple TV-ის სატელევიზიო შოუს "For All Mankind" დიზაინერი, ესთერ მარკი.

ფოტო: Axiom Space

მისია Artemis III-ის ფარგლებში ეკიპაჟი ციური სხეულის სამხრეთ პოლუსზე გაემგზავრება, რადგან იქ გრუნტქვეშა ყინული გვხვდება, რომელიც შეგვიძლია, ჟანგბადად, წყლად და ხომალდის საწვავად ვაქციოთ. ასტრონავტები დაშვების ადგილიდან საკმაოდ შორს წავლენ და უსწორმასწორო ზედაპირზე გადაადგილება მოუწევთ, რისთვისაც სათანადო, კონკრეტულ პარამეტრებზე მორგებული, მოქნილი და უსაფრთხო სკაფანდრი აუცილებელია.

სწორედ ასეთია AxEMU, რომელიც ინდუსტრიის ექსპერტების მრავალ გუნდთან თანამშრომლობით შეიქმნა. მათ შორისაა: KBR, Air-Lock, Arrow Science and Technology, David Clark Company, Paragon Space Development Corporation, Sophic Synergistics და A-P-T Research.

მთლიანი ღონისძიების ყურებას ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეძლებთ:

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.