ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა გიგანტური ვარსკვლავის სიცოცხლის ბოლო ეტაპი გადაიღო, სანამ ის ზეახლად გადაიქცევა, ანუ აფეთქდება. ესაა ვოლფ-რაიეს მნათობი, რომელიც WR 124-ის სახელითაა ცნობილი და ჩვენგან დაახლოებით 15 000 სინათლის წლითაა დაშორებული.

აფეთქებამდე ვოლფ-რაიეს ფაზაში ძალიან ცოტა ვარსკვლავი გადადის, რის გამოც მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის მიერ მოპოვებული ეს გამოსახულება მნიშვნელოვანია. ის ასტრონომებს იშვიათი მოვლენის შესწავლის საშუალებას აძლევს. მსგავსი ობიექტები გარეთა ფენების მოცილების პროცესშია, შედეგად კი მათთვის დამახასიათებელი აირისა და მტვრის ჰალოები ფორმირდება, რომლის მაგალითსაც ახალ კადრებზე ვხედავთ.

ფოტო: NASA

WR 124 მზეზე დაახლოებით 30-ჯერ მასიურია. მან ამ დრომდე გარემომცველ ღია კოსმოსში 10 მზის მასის ეკვივალენტური აირი და მტვერი გამოათავისუფლა. ეს უკანასკნელი მეცნიერთა ინტერესის საგანია, რადგან სწორედ მსგავს მატერიაში წარმოიქმნება მნათობები და პლანეტები, ასევე, იქ ერთიანდება მოლეკულები, რაც სიცოცხლის "საშენი მასალის" გაჩენას უწყობს ხელს. თანაც, სამყაროში იმაზე მეტი მტვერია, ვიდრე, ამჟამინდელი თეორიები პროგნოზირებს.

ვების ახალი მონაცემები შესაძლოა, ამის მიზეზის დადგენაში დაგვეხმაროს, რადგან კოსმოსური მტვრის ყველაზე დეტალურად შესწავლის საშუალებას ინფრაწითელი სპექტრი გვაძლევს, რომლის მიმართაც აღნიშნული ტელესკოპი მგრძნობიარეა.

"ვებამდე მტვერზე ორიენტირებულ ასტრონომებს არ ჰქონდათ საკმარისი დეტალური ინფორმაცია იმისთვის, რომ WR 124-ის მსგავს გარემოში მის ფორმირებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები ეძიებინათ. ასევე, გაეგოთ, არის თუ არა ეს ნაწილაკები საკმარისად დიდი და გავრცელებული, რათა ზეახლად ანთებას გადაურჩეს და მტვრის საერთო მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს", — ამბობენ მეცნიერები.

ვების 10 მილიარდდოლარიანი ტელესკოპი სამყაროს შესასწავლად 2021 წლის დეკემბერში გაუშვეს. ის დედამიწიდან 1.5 მილიონი კილომეტრის მოშორებით მოძრაობს, რაც მას კოსმოსის უნიკალურ ხედზე დაკვირვების შესაძლებლობას აძლევს. ფუნქციონირების დაწყებიდან დღემდე, ამ ობსერვატორიამ არაერთი შთამბეჭდავი და მეცნიერულად ღირებული მონაცემი მოიპოვა

ახლა ის სამყაროს ადრეულ ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს აკვირდება ისევე, როგორც ეგზოპლანეტებსა და მათ ატმოსფეროებს. მეცნიერები ელიან, რომ ის სამყაროს განვითარების ადრეული ეტაპების უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.