ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა მიხაელ ზიბერტმა საქართველოში ვიზიტის დროს ისაუბრა. მის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პარლამენტმა რუსული კანონი 10 მარტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

  • გაწვევის გადაწყვეტილება უმრავლესობაში მზარდი საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე მიიღეს.
  • ამის შემდეგ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, ასევე ხალხის ძალის წევრები ალაპარაკდნენ, თითქოს მსგავს კანონზე დისკუსიები ევროკავშირში დაიწყო.
  • თემას ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად აშუქებს რამდენიმე ხელისუფლებასთან აფილირებული მედია, რომლებსაც წყაროდ გამოცემა Politico მოჰყავთ.
  • Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც აიძულებს არასამთავრობოებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს, გაასაჯაროონ ევროგაერთიანების გარედან შემოსული დაფინანსება.

დეტალები: ზიბერტს კითხვა სწორედ Politico-ს სტატიის შესახებ დაუსვეს — მისი განმარტებით, აღნიშნული განხილვები არ ეხება არასამთავრობოებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი არიან.

  • "მესმის, რომ ეს განხილვის თემაა თქვენთან, რადგან, ასე ვიტყოდი, რომ თქვენი ქვეყნის ისტორიის შემადგენელია ეს პროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირებაზე იყო";
  • "ჩვენი სამწუხარო შეფასებების შემდეგ მოხდა მისი უკან გაწვევა, ხოლო ეს, რასაც თქვენ ადარებთ, აბსოლუტურად განსხვავებულია. ეს არ არის კანონი, არც კანონის პროექტი, ეს არის ფართო დისკუსიების დასაწყისი მონაწილე მხარეების ჩართულობით ევროკავშირის ფარგლებში და თემა განსხვავებულია";
  • "ეს არ ეხება არასამთავრობოებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი არიან, რომელთა მხარდაჭერაც გვინდა და ვინც გვსურს, რომ ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი იყოს, არა";
  • ეს არის ლობიზმის უფრო ახლო ჭრილიდან შეხედვა, ლობიზმის ინსტიტუტების, რომლებიც უცხოური მთავრობებისთვის მუშაობენ. ეს არ არის მათი აკრძალვა, მაგრამ არის სპეციფიკური ხედვა, როდესაც ლობისტური კომპანიებს სთხოვენ მათთვის მუშაობას";
  • "გვსურს ამის უფრო ახლოდან შეხედვა და ყველა მონაწილესთან ამის განხილვა", — ამბობს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორ.