ამ მომენტში თქვენი ტვინი თვალყურს ადევნებს დროის მსვლელობას და ეს გაუაზრებლადაც ხდება. ეს არაცნობიერი მოქმედება თქვენს ტვინს სხვა საკითხებზე კონცენტრირების საშუალებას აძლევს, მაგალითად, ამ სტატიის ყურადღებით წაკითხვაზე.

ყველაფერი ავტომატურად ხდება , მაგრამ არა თანმიმდევრულად. ტვინის აღქმა დროის შესახებ შეიძლება მერყეობდეს, ზოგიერთ მომენტში ის თითქოს იწელება ან პირიქით უფრო სწრაფად გადის. და ახალი კვლევის თანახმად, ის გულიდან მოდის.

"გულისცემა განსაზღვრავს დროის აღქმის ტემპს. დრო სამყაროს განზომილებაა და საკუთარი თავის გამოცდილების ძირითადი საფუძველი. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ დროის მომენტიდან მომენტში გამოცდილება სინქრონიზებულია და იცვლება გულისცემის ხანგრძლივობასთან ერთად", — ამბობს კვლევის ავტორი და კორნელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ადამ კ. ანდერსონი.

მკვლევრების თქმით, დროის აღქმის ეს ცვალებადობა, ანუ "დროითი ნაოჭები", ნორმალურია და შეიძლება იყოს ადაპტური. მეცნიერებმა მათი წარმოშობა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ აზრებმა და ემოციებმა შეიძლება დაამახინჯოს დროის აღქმა. ამით კონკრეტული მომენტი უფრო "დიდიხანს გრძელდება", ან "მალე გადის".

მაგალითად, გასულ წელს ჩატარებულ კვლევაში, ანდერსონმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ვირტუალური რეალობის მატარებლით მგზავრობა მგზავრებისთვის უფრო დიდხანს გრძელდებოდა, როცა სიმულირებულ მატარებლებში უფრო ხალხმრავლობა იყო.

მეტი ინფორმაციის მისაღებად, ახალმა კვლევამ მოიძია კავშირი დროის აღქმასა და სხეულებრივ რიტმებს შორის. მკვლევრები ფოკუსირდნენ გულისცემის ბუნებრივ ცვლილებებზე. ერთი შეხედვით, გულის საერთო ტემპი სტაბილურია, მაგრამ თითოეული ინდივიდუალური გულისცემა შეიძლება იყოს ოდნავ უფრო მოკლე ან გრძელი ვიდრე წინა.

კვლევამ აჩვენა, რომ გულისცემას შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს აღქმაზე და გარე სტიმულებზე.

მკვლევრებმა 45 ბაკალავრიატის სტუდენტი შეისწავლეს, ყველა 18-დან 21 წლამდე ასაკის ნორმალური სმენითა და გულის დაავადების ისტორიის გარეშე.

მათ გამოიყენეს ელექტროკარდიოგრაფია გულის აქტივობის მონიტორინგისთვის მილიწამების რეზოლუციით. დანადგარი დააკავშირეს კომპიუტერთან, რომელიც გამოსცემდა სუბიექტის გულისცემის შედეგად გამოწვეულ მოკლე ტონებს.

თითოეული ბგერა გრძელდებოდა მხოლოდ 80-დან 180 მილიწამამდე. მათი მოსმენის შემდეგ, სუბიექტებს სთხოვეს ეთქვათ, ფიქრობდნენ, თუ არა რომ ტონები განსხვავებული იყო.

სუბიექტები აღიქვამდნენ, რომ ტონები უფრო გრძელი იყო, როდესაც მათ წინ უძღოდა უფრო მოკლე გულისცემა. ტონები უფრო მოკლედ აღიქვეს მაშინ, როდესაც მათ მოჰყვებოდა უფრო ხანგრძლივი გულისცემა.

"გულის ცემა არის რიტმი, რომელსაც ჩვენი ტვინი დროის გასვლის შეგრძნებისთვის იყენებს. და ეს არ არის სტატიკური, ის მუდმივად იცვლება", — ამბობს ანდერსონი.

მიუხედავად იმისა, რომ გულს შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს ტვინის მიერ დროის აღქმაზე, ის ორმხრივი გზაა, აღნიშნავენ მკვლევრები. ტონის მოსმენამ აიძულა სუბიექტები ყურადღების ფოკუსირება მოეხდინათ ხმაზე, რამაც, თავის მხრივ, შეცვალა გულისცემა — ამან დროის აღქმაზეც იმოქმედა.

როგორც ჩანს, გული ეხმარება ტვინს უფრო ეფექტურად იმუშაოს შეზღუდული რესურსებით, მიიჩნევენ მკვლევრები.

"ამ მომენტშიც კი, ჩვენი დროის შეგრძნება მერყეობს. გულის მუშაობის პროცესი გვეხმარება დროის შეგრძნებაში", — აღნიშნა ანდერსონმა.

როგორც ჩანს, დრო ჩვენს გულებშიც "ფარდობითია".

კვლევა Psychophysiology-ში გამოქვეყნდა.