სპეციალისტებმა ანტარქტიკის რეგიონში მდებარე ბრანტის შელფურ მყინვარს იანვარში მოწყვეტილი უზარმაზარი აისბერგის მასშტაბების ამსახველი პირველი კადრები მოიპოვეს.

ის A81-ის სახელითაა ცნობილი და დაახლოებით ლონდონის ზომისაა. გიგანტური მასა მყინვარს ნაპრალების გაჩენიდან 1 დეკადის შემდეგ გამოეყო და უედელის ზღვაში გაფანტულ სხვა მსგავს ფრაგმენტებს შეუერთდა. ბოლო 2 წელში ეს ამგვარი განცალკევების მეორე შემთხვევაა, რაც ბუნებრივი პროცესების შედეგად ხდება და ოკეანის ეკოსისტემაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი.

ვიდეო, რომელშიც A81-ია ნაჩვენები, დიდი ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევების ინსტიტუტში მომუშავე მკვლევრებმა გადაიღეს. ის ცხადყოფს, რამხელაა ყინულის ახლად განცალკევებული გიგანტური ნატეხი მაშინაც კი, როცა მას ზემოდან ვუყურებთ, თანაც მისი უდიდესი ნაწილი წყალქვეშ ასობით მეტრ სიღრმეზეა მოქცეული.

A81 ახლა 150 კილომეტრითაა დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც ის ბრანტის შელფურ მყინვარზე იყო მიერთებული. მის ლღობის პროცესში გამოიყოფა ნივთიერებები, რომლებიც ოკეანეში მობინადრე მიკროორგანიზმებისთვის საკვების ფუნქციას შეასრულებს. ამის მიუხედავად, აისბერგისგან სითხის გადინება გარშემო მარილიანობის მაჩვენებელს შეცვლის, რაც ბევრი წყალმცენარისთვის არახელსაყრელი იქნება.

ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევების ინსტიტუტი A81-ისთვის თვალის მიდევნებას განაგრძობს ისევე, როგორც სხვა აისბერგებისთვის. ასეთია, მაგალითად, მსოფლიოში უდიდესი, 3 200 კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე A76a, რომელიც სამხრეთ ჯორჯიის კუნძულისკენ მიემართება, რაც პოტენციურ საფრთხეს მოასწავებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.