საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ რადიო თავისუფლებასთან ხელშეკრულების შეწყვეტით მაუწყებელში მიმდინარე რეფორმაზე ეჭვები მძაფრდება. ამ შინაარსით გამოაქვეყნა ორგანიზაციამ ინფორმაცია ფეისბუკში გადაცემების ინტერVIEW-სა და წითელი ზონის წამყვანების, სალომე ასათიანისა და გოგი გვახარის ფოტოებითა და წარწერით "საზოგადოებრივმა დაიწუნა".

"ახალი მენეჯმენტის ბუნდოვანი და არათანმიმდევრული პოლიტიკა, რადიო თავისუფლების იმ გადაცემების უალტერნატივოდ დახურვა, რომელიც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მასალებს სთავაზობდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, აჩენს ბევრ კითხვას, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელში პოლიტიკური გავლენების მოპოვების მცდელობისა და კრიტიკული შინაარსის შეზღუდვის შესახებ, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოახლოებულ წინასაარჩევნო პერიოდში," - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

როგორც 13 ივნისს On.ge-სთვის გახდა ცნობილი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რადიო თავისუფლებას გადაცემის ივლისის შუა რიცხვებიდან შეჩერების შესახებ წერილი მიწერა.

26 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორი, გიორგი გვიმრაძე ამბობდა, რომ რადიო თავისუფლებასთან ამ ორი გადაცემის ეთერში განთავსების საკითხზე მოლაპარაკებებს გეგმავდნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, 17 ივლისიდან მოამბის გარდა, ყველა გადაცემა დაიხურება. როგორც დოკუმენტში წერია, ეთერში 2017 წლის სექტემბრიდან დაბრუნდება პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისად, კონკურსის წესით შერჩეული ახალი გადაცემები.