დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისია შუალედურ დასკვნას აქვეყნებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირმა საქართველოს მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭა — მისცა პერსპექტივა და 12 პუნქტიანი გეგმა.

  • ევროკომისიამ ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის გასცა დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია და მოუწოდა, აღმოფხვრან ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
  • მოლდოვისა და საქართველოს რეკომენდაციები ამ მიმართულებით იდენტურია, ხოლო უკრაინას დაევალა, უკვე მიღებული კანონის შესაბამისად, სამართლებრივად გამართულად იმუშაოს ამ საკითხზე.
  • ქართული ოცნების მტკიცებით მიუხედავად, რამდენიმე ევროპარლამენტარმა პირდაპირ თქვა, რომ ოლიგარქში და დეოლირგიზაციის მოწოდებაში ივანიშვილს გულისხმობენ.

საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო.

  • კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნისკენ საქართველოს ევროკავშირი მოუწოდებდა — აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის რჩევას ეთანხმებოდა.
  • ქართული ოცნება თავიდან უარს ამბობდა, თუმცა ბოლოს გადაიფიქრა და კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაგზავნა.
  • ოპოზიცია აცხადებდა, რომ კანონის ამ ვერსიამ შესაძლოა გამოიწვიოს რეპრესიები ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ.

კანონპროექტით წესრიგდება ოლიგარქის ცნების განმარტება, პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და რეესტრის წარმოების საკითხები.

  • ასევე, პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები, გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენლებთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები.
  • ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ოლიგარქების სიას პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა შეადგენს — კომიტეტზე კანონპროექტში შევიდა ცვლილება, რომ ე.წ. ოლიგარქთა რეესტრის შედგენა პრემიერმინისტრის კომპეტენცია იქნება

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ზონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან, სულ მცირე, სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:

  • პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;
  • არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს.

რას ამბობს ვენეციის კომისია: გამოყოფილია ორი მთავარი მიდგომა პერსონალური და სისტემური, სადაც კომისი უპირატესობას სისტემურს ანიჭებს, რომელიც ითვალისწინებს საკანონმდებლო ჩარჩოსა და ინსტიტუციების გაძლიერებას.

  • მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი პერსონალურ მიდგომებს ეფუძნება, რაც მათი შეფასებით ზოგადად პრობლემატურია, თუმცა არ ნიშნავს, რომ მისი ყველა ელემენტი და მიდგომა არალეგალურია.
  • კომისია აცხადებს, რომ კანონპროექტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმით შესაძლოა დაირღვეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული პრინციპები.
  • აღნიშნავს, რომ დოკუმენტი ზედმეტად დიდ გავლენას აკისრებს მთავრობას პროცესზე.
  • შუალედურ მოსაზრებაში ვენეციის კომისია წერს, რომ პოტენციური ოლიგარქების პერსონალური მონაცემების შეგროვების შეფასებისა და დამუშავების პროცესში შესაძლოა, დაირღვეს კონვენციის მე-8 მუხლი — პირადი ცხოვრების უფლება.
  • ხოლო ოლიგარქებად დასახელებული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო კამპანიების, სხვა პოლიტიკური კამპანიების, მიტინგებისა და პოლიტიკური მოთხოვნით დემონსტრაციების დაფინანსების აკრძალვამ შეიძლება, დაარღვიოს მე-10 და მე-11 მუხლები — გამოხატვის და შეკრების თავისუფლება.

დასკვნის მიხედვით, პერსონალური მიდგომა, რომელიც გაურკვეველი კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრავს და სტიგმატიზირებს პირებს, შეიცავს რისკს, რაც გამოიწვევს ადამიანის უფლებების დარღვევას.

  • "კანონის თვითნებური გამოყენების რისკი კიდევ უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რაც მიუთითებს, რომ მიღების შემდეგ ის ოპოზიციაზეც გავრცელდება".

რეკომენდაციები: ვენეციის კომისიის განცხადებით, საჭიროა ძირითადი პროცედურების გადახედვა და გამოკვეთა.

  • ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანია განიმარტოს ტერმინები "პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობა", "მასმედიაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა".
  • ასევე რეკომენდაციაა, რომ განიმარტოს პროცედურები თუ რა ინფორმაცია უნდა დამუშავდეს და რომელი უწყებების მიერ.
  • "დადგინდეს მკაფიო პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი ინფორმაცია უნდა შეგროვდეს, რომელი ორგანოების მიერ, რომელი კატეგორიის პირებზე და როგორ უნდა შეგროვდეს, შეფასდეს და შეინახოს ეს ინფორმაცია (და საბოლოოდ განადგურდეს, თუ არ გამოიყენება), სათანადო ყურადღება მიექცეს ECtHR-ის პრეცედენტულ სამართალს, ECHR-ის მე-8 მუხლის შესახებ", — წერის დასკვნაში.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საჭიროა პროცედურების განმარტება.

  • აღნიშნავენ იმასაც, რომ უნდა მოხდეს ოლიგარქად განსაზღვრის გარკვეული შედეგების პროპორციულობის უზრუნველყოფა.
  • "აუცილებელია, შემცირდეს აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენა "ოლიგარქების" დასახელების პროცედურაზე, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს ხელისუფლების გარდა, სხვა უწყებისთვის გადაცემით".