ამის შესახებ მათ საჯარო საჯარო მიმართვისას ისაუბრეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობაში დატოვა.

  • გვარამია დამნაშავედ ცნეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ე.წ. რეკლამის გაყიდვისა და ავტომანქანის საქმეებზე.
  • NGO-ების, ევროპარლამენტარების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია — ისინი პრეზიდენტს მთავარი არხის დამფუძნებლის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
  • გვარამიას საქმეზე უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს სახალხო დამცველიც.
  • აშშ-ის საელჩო კი ამბობს, რომ გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს.
  • 16 თებერვალს ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა შეიქმნა.

დეტალები: ლაშა ბუღაძის თქმით, თავის კოლეგებთან ერთად გვარამიას გათავისუფლების მოძრაობას უერთდება.

  • ის ამბობს, რომ გვარამიას დაკავება იყო ხელისუფლების საბოტაჟი, რათა საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.
  • მწერალი ხაზს უსვამს, რომ მედიის თავისუფლება და დაცულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია იმ 12 რეკომენდაციიდან, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს.
  • "ჩვენ ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტს, აღასრულოს სწორედ ევროპული და სამართლიანი, პასუხისმგებლობით აღსავსე აქტი და გამოსცეს შეწყალების აქტი ნიკა გვარამიასთან მიმართებით", — განაცხადა ბუღაძემ.

მწერალი თეონა დოლენჯაშვილი ამბობს, რომ გვარამიას საქმე უსამართლობის კლასიკური მაგალითია და მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არ არსებობდეს პოლიტიკური პატიმრები.

  • "ვფიქრობ, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია ჩვენი ხმა, პროფესიული ჯგუფების, სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით, მწერლებისა და ლიტერატორების, რადგან ჩვენ ვართ სიტყვის ხალხი და სიტყვის თავისუფლება, მისი დაცვა არის ჩვენი მთავარი მისია".