ამიერიდან ბერლინში ქალებს აუზზე ყოფნა კაცების მსგავსად წელზემოთ შიშვლებს შეეძლებათ, თუ ეს თავად სურთ. ბერლინის მთავრობამ ამის შესახებ გადაწყვეტილება ახლახან მიიღო, რაც მათი თქმით, გენდერული თანასწორობის მხრივ წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

ბერლინში ამ თემის აქტიური განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წლის დეკემბერში ქალაქის ერთ-ერთ აუზზე ქალს მკერდის დაფარვის გარეშე ბანაობის უფლება არ მისცეს. ქალმა ამის შესახებ საჩივარი შეიტანა და განაცხადა, რომ ეს დისკრიმინაციულია როგორც ქალების, ასევე არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ.

"დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საჩივრის გაცნობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ბერლინის საცურაო აუზები სამომავლოდ ისეთ რეგულაციებს გამოიყენებენ, როგორებიც გენდერულ თანასწორობას შეესაბამება", — განაცხადა ბერლინის შტატის მთავრობამ.

იდა, რომელიც ბერლინის ერთ-ერთი აუზის ხშირი სტუმარია, წესების ცვლილებას მიესალმება. "რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ დისკრიმინაციის შესახებ საჩივარმა ბერლინში რეალობის შეცვალა. თუ თავს ქალები ასე უფრო კომფორტულად იგრძნობენ, კარგია, რომ პრობლემა აღარ შეექმნებათ", — ამბობს იდა.

აღსანიშნავია, რომ ბერლინი გერმანიის პირველი ქალაქი არაა, რომელმაც ქალებს საშუალება მისცა, წელზემოთ შიშვლებმა იბანაონ. ასეთი წესი გერმანიის ქალაქ გეტინგენში უკვე მოქმედებს.