ბრიტანელი მოდელი და მსახიობი, კარა დელევინი, 4 თვეა, რაც ფხიზელია. 2022 წლის სექტემბერში, როდესაც კარა დელევინის ახალი ფოტოები გავრცელდა, საზოგადოება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ ძალიან შეაშფოთა. ასევე, ყველას უცნაურად ეჩვენებოდა კარას საქციელი სხვადასხვა საჯარო ღონისძიებაზე და მის სავარაუდო ნარკოდამოკიდებულებასა და ალკოჰოლიზმზე საუბარი არ წყდებოდა.

ფოტო: Backgrid

2022 წლის სექტემბერში გავრცელებული ფოტოების შემდეგ, კარასთვის განგაშის ზარმა ჩამოკრა და, მისი თქმით, რეალობას დაუბრუნდა. პაპარაცულმა ფოტოებმა, რომლებიც მთელმა მსოფლიომ ნახა, კარას სირცხვილის შეგრძნება გაუჩინა და მიახვედრა, რომ ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისგან თავი უნდა დაეღწია. კარამ ინტერვიუში იმაზეც ისაუბრა, რომ სასმელი და ნარკოტიკი ეხმარებოდა პირადი მწუხარებისა და პრობლემებისთვის თავი დაეღწია და ამიტომ ვერ ანებებდა თავს ვერც ერთს.

"ხანდახან გჭირდება, რომ რეალობას დაუბრუნდე, ასე რომ, გარკვეულწილად ამ ფოტოების მადლობელი ვარ," — განაცხადა დელევინმა.

მიუხედავად ამისა, ვარსკვლავის თქმით, ამ დოზის ინტერესი პრესისგან განკურნების პროცესს კიდევ უფრო ართულებს.

"ხალხს უნდა, რომ ვთქვა, 'ნარკოდამოკიდებული ვიყავი, ახლა აღარ ვარ და მორჩა.' თუმცა ეს ასეთი ადვილი არაა. ეს ერთ ღამეში არ ხდება. რა თქმა უნდა, მინდა, წამიერად შემეძლოს ამის გაკეთება, მაგრამ ამ საკითხს უნდა ჩავუღრმავდე."

კარას თქმით, ამ პაპარაცული ფოტოების გადაღების მომენტში გამოუძინებელი იყო, თანაც წვეულებებით სავსე მხიარული ზაფხულის შემდეგ, ამ ფოტოებით მიხვდა, რომ სინამდვილეში ცუდად გამოიყურებოდა: "ძალიან ვერთობოდი, თუმცა ამ ფოტოებმა მიმახვედრა, რომ კარგად არ გამოვიყურებოდი."

ფოტო: Getty

ვარსკვლავმა ამავდროულად ფანებიც გაამხნევა, რომ ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლაში მარტო არ არიან და არ უნდა დანებდნენ.

"ყველა ამბავი მნიშვნელოვანია და ეს ჩემი ამბავია. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. რა თქმა უნდა, წავიქცევით კიდეც და შეცდომებსაც დავუშვებთ. ცხოვრებაში დიდ სირთულეებთანაც მოგვიწევს გამკლავება, მაგრამ ყველაზე მთავარია, რამდენად შეგვიძლია ამის მერეც წამოვდგეთ ფეხზე. ჩვენ შეგვიძლია, ვისწავლოთ და განვიკურნოთ. რთული პერიოდი საბოლოო არაა. რთულ გარემოებებს არ უნდა მივცეთ უფლება განსაზღვროს, ვინ ვართ ჩვენ, არ უნდა მივცეთ უფლება, განვითარებაში ხელი შეგვიშალოს. იმედი ჩვენთანაა. ყოველთვის. მე მადლიერი და ამაყი ვარ და მზად ვარ ყველაფრისთვის, რაც მომელის. ცვლილებებისთვის არასდროსაა გვიანი. ვისაც მსგავსი ბრძოლის გადატანა უწევს ახლა, არ დანებდეთ, მარტო არ ხართ," — დაწერა კარამ ინსტაგრამზე.