ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ დღეს, 9 მარტს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მოგვიანებით კი წერილი პარლამენტის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ რუსულ კანონს.

  • თუმცა, მმართველ გუნდს დაპირებები აქამდეც მოუცია და არ შეუსრულებია.
  • გარდა ამისა, რეგლამენტში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის პროცედურა არ არის, ამიტომ რუსული კანონის გაწვევა ოცნებას არ შეუძლია, მხოლოდ ე.წ. ამერიკული ვერსიის, რომელიც ჯერ არ განხილულა.
  • იურისტები და დეპუტატები განმარტავენ, რომ პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონის პროექტი უნდა დააყენონ კომიტეტზე და პლენარულზე და ჩააგდონ.

რა გავიგეთ მდინარაძის ბრიფინგიდან: პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიიდან რუსული კანონპროექტი გამოიწვია.

  • უმრავლესობა გეგმავს, მას მეორე მოსმენით უყაროს კენჭი და ჩააგდოს.
  • "ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ, რომ ამ კანონპროექტებზე მოხდეს განხილვა, დასკვნის გამოგზავნა".
  • "ჩავარდნა იქნება საბოლოოდ ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს ამ საკითხს".
  • ამასთან, მდინარაძემ ისაუბრა, რომ კანონპროექტის მეორე ვერსია ე.წ. "ამერიკული კანონის თარგმნილი" უკვე გაითხოვა ხალხის ძალამ პარლამენტიდან.

რა წერია პაპუაშვილის წერილში: ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს მიმართავს, აღარ განიხილონ თხოვნა სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე და შეაჩეროთ ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

  • "რამდენიმე დღის წინ გადმოგეცით წერილი, სადაც გთხოვდით ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით";
  • "სამწუხაროდ, შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია. მცდარმა ნარატივებმა და იარლიყებმა შეცდომაში შეიყვანა მოქალაქეები და კონფრონტაციას დაუდო საფუძველი";
  • "შესაბამისად, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი, რომელიც ზრუნავს ქვეყანაში მშვიდობაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა აღნიშნული კანონპროექტების მხარდაჭერის გაწვევა და შემდგომი საკანონმდებლო განხილვების შეწყვეტა".

პარლამენტმა 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონპროექტს — გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან მაშინვე შეიკრიბნენ.

  • გუშინ, 8 მარტს სპეცრაზმი აქციას წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით 6-ზე მეტი საათის განმავლობაში შლიდა, თუმცა უშედეგოდ, შემდეგ კი დარბევაზე გადავიდა.