ინდიანის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევრებმა სისხლის ტესტი შექმნეს, რომელიც პაციენტებში შფოთვის აღმოჩენას ემსახურება. პრესრელიზის თანახმად, მისი საშუალებით ობიექტურად შეიძლება განისაზღვროს როგორც შფოთვის განვითარების რისკი, ასევე შფოთვის ამჟამინდელი ხარისხი და ყველაზე ეფექტიანი სამკურნალო მეთოდებიც. ნაშრომი გამოცემაში Molecular Psychiatry გამოქვეყნდა.

ტესტი შფოთვის ბიომარკერებს იკვლევს — იმ ბიოლოგიურ ნიშნებს, რომლებიც შფოთვაზე მეტყველებს. კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი ფსიქიატრიის პროფესორი ალექსანდრე ნიკულესკუა, რომელიც აქამდე ტკივილის, დეპრესიისა და ბიპოლარული აშლილობის აღმომჩენი სისხლის ტესტების შექმნაზე ატარებდა კვლევებს. მისი ახალი ნაშრომიც ანალოგიურ მეთოდებს ეფუძნება.

"შფოთვა ბევრ ადამიანს აწუხებს, რამაც შეიძლება, მათ უნარიანობაზე ძალიან იმოქმედოს და ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუშალოს ხელი", — აცხადებს ნიკულესკუ — "არსებული მიდგომა ადამიანებთან მათ გრძნობებზე საუბარს ითვალისწინებს, რათა მედიკამენტების საჭიროება შეფასდეს, თუმცა ზოგიერთმა წამალმა შეიძლება დამოკიდებულება გამოიწვიოს და დამატებითი პრობლემები შექმნას. გვინდოდა გაგვერკვია, დაგვეხმარებოდა თუ არა სისხლის ბიომარკერების აღმოჩენა ხალხისათვის არსებული, მეტად ეფექტიანი მედიკამენტების შერჩევაში, რომლებიც დამოკიდებულებას ნაკლებად გამოიწვევს".

უწყების მიხედვით, კვლევის მონაწილეები სისხლის ანალიზს ყოველ 3-6 თვეში ერთხელ ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოველი ახალი ჰოსპიტალიზაციისას აბარებდნენ. სისხლის ნიმუშებში რნმ ბიომარკერების გამოკვლევით მეცნიერებმა პაციენტებში შფოთვის ამჟამინდელი დონის განსაზღვრა შეძლეს; შემდეგ მათ სხვადასხვა მედიკამენტი მიუსადაგეს და შეამოწმეს, რამდენად ეფექტიანი იქნებოდა თითოეული მათგანი, პაციენტების ბიოლოგიის გათვალისწინებით.

"მედიკამენტების გარდა, შფოთვის სამკურნალოდ სხვა მეთოდებიც არსებობს, თუნდაც კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია ან ცხოვრების სტილის შეცვლა. მიუხედავად ამისა, ასეთი ობიექტური მეთოდით ადამიანის ამჟამინდელ მდგომარეობასთან ერთად ისიც შეგვიძლია გავიგოთ, თუ როგორია სამომავლო რისკი და რომელი ეფექტიანი სამკურნალო საშუალებები შეესაბამება მის პროფილს", — ამბობს ნიკულესკუ.

ტესტი დაგვეხმარება დავადგინოთ, რამდენად აქვს ადამიანს სამომავლოდ შფოთვის გამძაფრების რისკი; შეაფასებს პაციენტის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედ ფაქტორებსაც.

"ადამიანებს შფოთვა აწუხებთ, იგი სწორად არ არის დიაგნოსტირებული, შემდეგ კი მათ პანიკური შეტევები აქვთ, მაგრამ გულის შეტევა ჰგონიათ და სასწრაფო დახმარებას მიმართავენ ხოლმე ათასგვარი ფიზიკური სიმპტომით", — ხსნის მეცნიერი — "თუ ამის უფრო ადრე დადგენას მოვახერხებთ, იმედია, ამ ტკივილისა თუ ტანჯვის თავიდან არიდებას შევძლებთ და ადამიანებს უფრო მალე ვუმკურნალებთ მათ პროფილებზე მორგებული საშუალებებით".

მკვლევრის მოსაზრებით, შესაძლებელია, ტესტი ჯანმრთელობის ჩვეული შემოწმების ნაწილი გახდეს, რათა სამომავლოდ გართულებების პრევენცია მოხერხდეს.

"ხანგრძლივ პერსპექტივაში პრევენცია ჯობია, ამიტომ ჩვენი მიზანია, ერთი მილაკი სისხლის გამოყენებით პაციენტებსა და მათ მკურნალ ექიმებს დაწვრილებითი ინფორმაცია მივაწოდოთ", — დასძენს ის.

საგულისხმოა, რომ ტესტის ეფექტიანობის დადასტურების შემდეგ ფართო მოხმარებისათვის მისი წარმოება სტარტაპმა MindX Sciences (ინდიანაპოლისი) უკვე დაიწყო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.