სან ფრანცისკოში დაფუძნებულმა კომპანია Salesforce-მა საზოგადოებას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტისთვის (CRM) განკუთვნილი მსოფლიოში პირველი ჩატბოტი წარუდგინა, რომელსაც Einstein GPT ჰქვია. ის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მასალას გაყიდვების, მომსახურების, მარკეტინგის, კომერციისა და IT სფეროებისთვის დააგენერირებს.

"მსოფლიოში რეალური დროის ტექნოლოგიებისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის განვითარების პარალელურად ტექნოლოგიური გადანაცვლება მიმდინარეობს. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ყველა კომპანია კონცენტრირებულია, მომხმარებლებს უფრო გონივრული, ავტომატიზებული და პერსონალიზებული გზებით დაუკავშირდეს", — ვკითხულობთ Salesforce-ის განცხადებაში.

Einstein GPT კომპანიის AI მოდელებს, პარტნიორების გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტსა და რეალური დროის მონაცემებს აერთიანებს. მომხმარებლებს შეუძლიათ, მონაცემები OpenAI-ის მოწინავე AI მოდელებთან დააკავშირონ ან თავიანთი აირჩიონ და ბუნებრივი ენის სისტემა გამოიყენონ. ჩატბოტი ადამიანთა ცვალებად ინფორმაციასა და სურვილებს მუდმივად მოერგება.

კომპანია მოხარულია, რომ OpenAI-ის მიერ შექმნილი, ყველასთვის კარგად ცნობილი ChatGPT საკუთარ მოდელებთან გააერთიანა, რათა სანდო სერვისი შეემუშავებინა. პარტნიორებმა, ასევე, Slack-ის აპლიკაციასთან ChatGPT-ის ინტეგრაციის შესახებაც განაცხადეს. Salesforce-მა გენერაციული AI-ის სტარტაპ ეკოსისტემისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფონდიც დააფუძნა.

Einstein GPT ისეთ სექტორებს დაეხმარება, როგორიცაა გაყიდვები, მომსახურება და მარკეტინგი. ის პერსონალიზებულ ტექსტებს, მეილებს შექმნის, შეხვედრებსაც დაგეგმავს და დეველოპერებისთვის კოდსაც დააგენერირებს.

მეტის გასაგებად, გადადით ბმულზე — https://urlis.net/4zc2haeu

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.