NASA-ს მიერ მარსზე გაშვებულმა მავალმა Curiosity წითელი პლანეტის ცაზე მზის სხივებით განათებული ღრუბლები გადაიღო. ახალი სურათები გვიჩვენებს, როგორ გამოიყურება ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე დაისი. ასევე, ესაა პირველი შემთხვევა, როცა იქ ე.წ. მწუხრის სხივები ასე მკაფიოდ აღიბეჭდა.

ბოლოდროინდელი კადრები აპარატის ახალი მისიის ფარგლებშია მოპოვებული, რომლის მიზანიც შებინდებისას მარსის ღრუბლებზე დაკვირვებაა, აქამდე ის მათ ღამით იღებდა. ამ სურათებზე გამოსახული მსგავსი წარმონაქმნები უფრო მაღლაა განლაგებული, ვიდრე ჩვეულებრივ. ისინი უფრო ცივიცაა, რაც მიანიშნებს, რომ შესაძლოა, გაყინული ნახშირორჟანგისგან შედგებოდეს, რომელსაც მშრალ ყინულსაც უწოდებენ.

ფოტო 2 თებერვალსაა გადაღებული.

ფოტო: NASA

წითელ პლანეტაზე არსებული ღრუბლების შესწავლის გზით Curiosity მეცნიერებს საშუალებას აძლევს, რომ იქაური ამინდისა და ატმოსფეროს შემადგენლობისა თუ ტემპერატურის შესახებ მეტი გაიგონ. ამით, ასევე, მარსზე მქროლავი ქარის უკეთ გამოკვლევასაც შევძლებთ.

მწუხრის ღრუბლების შესწავლა NASA-ს მარსმავალმა 2023 წლის იანვარში დაიწყო და ამას მარტის შუა რიცხვებამდე განაგრძობს. მისიის განმავლობაში აპარატი მასზე დამონტაჟებული Mastcam-ის კამერის მეშვეობით ფერად ფოტოებს იღებს, რაც მნიშვნელოვანია, რადგან 2021 წელს ის შავ-თეთრ კადრებს აფიქსირებდა.

მარსმავალმა ბუმბულის ფორმის ღრუბლის ამსახველი ეს ფოტო 27 იანვარს გადაიღო.

ფოტო: NASA

ფერადი ფოტოების გაანალიზება სპეციალისტებს დაეხმარება გაარკვიონ, გარკვეული დროის განმავლობაში როგორ გროვდება ერთად ღრუბლებში არსებული ნაწილაკები. Curiosity-იმ ცისარტყელასებრი ნათების მქონე, ბუმბულის ფორმის ღრუბელიც გადაიღო. რაც მიუთითებს, რომ მის სხვადასხვა ნაწილში ნაწილაკები თანაზომიერია, ფერები კი სწორედ ზომის პარალელურად იცვლება.

უნდა აღინიშნოს, რომ ორივე სურათი პანორამულია და 28 კადრს აერთიანებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.