განცხადებას მოძრაობა სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: აქამდე, რუსული კანონის საწინააღმდეგო პოზიცია, როგორც სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა, ასევე, არაერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა ოფიციალურად დააფიქსირა.

  • თსუ-ის სტუდენტები აცხადებენ, რომ კანონპროექტები შინაარსითვე უპირსპირდებიან იმ იდეალებს, რომლებზეც სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წლიდან დგას.
  • "ვინაიდან ჩვენს წინაშე არსებული პრობლემა ცდება პოლიტიკური მიკუთვნებულობის ფარგლებს და პირდაპირ ეხება ჩვენი და მომავალი თაობების საგანმანათლებლო პერსპექტივებს, ჩვენი უნივერსიტეტისა და რექტორის, ბატონი ჯაბა სამუშიას, მკაფიო პოზიციონირება ხსენებულ კრიტიკულ საკითხთან დაკავშირებით უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია".

სტუდენტები მიიჩნევენ, რომ კანონის მიღება საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციით დაცულ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.

  • "გვსურს, მოგმართოთ თხოვნით, თქვენ, როგორც უნივერსიტეტის რექტორმა და აკადემიურმა საბჭომ, როგორც უნივერსიტეტის უმაღლესმა მმართველმა სტრუქტურამ, საჯაროდ გამოხატოთ პოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით".
  • "მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, თქვენი და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მხარდაჭერა, ვინაიდან ვთვლით, რომ უნივერსიტეტი მისი დამფუძნებლების იდეალებს უნდა იზიარებდეს და ხმამაღლა აფიქსირებდეს საკუთარ პოზიციას მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და სწრაფვას ევროპული ინტეგრაციისკენ", — ნათქვამია განცხადებაში.