გიორგი ვაშაძის ახალი პოლიტიკური პლატფორმის მხარდამჭერები თბილისში, პარლამენტის შენობის წინ უკვე შეიკრიბნენ. როგორც თავად ახალი საქართველოს დამფუძნებელმა, გიორგი ვაშაძემ დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, ახალი პარტია შექმნის შესაძლებლობას თითოეული მოქალაქის თვითრეალიზაციისთვის:

"ძალიან მაგარია, რომ ვდგავართ ერთად და ბოლომდე ვაპირებთ რომ ვიყოთ ერთად იმიტომ, რომ გამარჯვება უნდა მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას. ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე პირველი განცხადება რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე.იმ მომენტში ჩემს გვედით სულ რამდენიმე თანამოაზრე იდგა, მაგრამ უკვე მაშინ მქონდა თქვენი იმედი. იმედი, რომ საქართველოში უამრავი ენერგიული, გონიერი, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანია, რომელსაც ყელში ამოუვიდა პოლიტიკოსების ეგოცენტრიზმი, უუნარობა, თავგასულობა და აღარ უნდათ იყვნენ მათი კაპრიზებისა და ხუშტურების მძევალი".

ვაშაძემ ასევე განმარტა, რომ ერთადერთი, ვისთანაც მისი პარტია ვერ ითანამშრომლებს, პრორუსული ძალებია.

ვაშაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 5 მაისს დატოვა და განმარტა, რომ საზოგადოების მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი პოლიტიკური კულტურა დამკვიდრდებოდა, რომელიც საქართველოს ახალ პერსპექტივასა და განვითარების შესაძლებლობას მოუტანდა, ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ გაამართლა.

მისი თქმით, ამის ნაცვლად საზოგადოებამ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა იხილა, რომელიც, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ივანიშვილის მავნებლური მმართველობის მოკავშირეა და მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს ემსახურება.

გიორგი ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობა დატოვა