განახლება: პარლამენტმა აკრედიტაცია აღუდგინა პუბლიკას 2 ჟურნალისტს და ტაბულას რედაქტორს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, პატივი სცეს დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, საჯაროობა, ღიაობა და აღუდგინოს ჟურნალისტებს აკრედიტაცია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პარლამენტის აპარატმა პროტესტის გამო, პუბლიკას 3 ჟურნალისტს და ტაბულას რედაქტორს აკრედიტაცია შეუჩერა.

  • 2 მარტს პარლამენტის შენობაში გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე "აგენტების შესახებ" კანონპროექტებს განიხილავდნენ.

  • პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების ნაწილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ნაწილი კი კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდა.

დეტალები: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აკრედიტაციის შეჩერების მიზანია, ჟურნალისტებს შეეზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება და ხელი შეეშალოთ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

  • ორგანიზაცია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პარლამენტში 1 მარტიდან ამოქმედდა მედიის აკრედიტაციის ახალი წესი, რომლის გაუქმებისკენაც ქარტიამ პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მოუწოდა.

მედიისთვის ახალი წესები პარლამენტში პირველი მარტიდან ამოქმედდა.

  • იმ მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აშუქებენ საპარლამენტო საქმიანობას, განისაზღვრა აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობა — ონლაინ მედიისთვის ეს არის არაუმეტეს 4 ჟურნალისტი.
  • წესების მიხედვით, აკრედიტებული ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერება დასაშვებია პარლამენტის აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, თუ ჟურნალისტი დაარღვევს ახალ წესებს.
  • ბრძანებაში ნათქვამია, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდება 6 თვით.
  • გარდა ამისა, დაუშვებელია, ჟურნალისტი, რომელსაც აკრედიტაცია შეჩერებული აქვს, სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლდეს.

ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებას უკვე გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიცია.

  • ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს დაუყოვნებლივ აღუდგინოს ჟურნალისტებს აკრედიტაცია.