დღეს, 5 მარტს, თბილისში კულტურის სფეროდან სხვადასხვა დროს გათავისუფლებულებმა აქცია გამართეს.

დეტალები: საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა წაიკითხეს განცხადება სათაურით — "რეპრესირებულები რეპრესიების წინააღმდეგ".

  • განცხადებას ხელს 28 გათავისუფლებული ადამიანი აწერს.
  • მათი თქმით, რუსული კანონის მეშვეობით რეპრესიები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება და თითოეულ მოქალაქეს შეეხება.
  • "ეს კანონი გულისხმობს რკინის ფარდით საქართველოს იზოლირებას ცივილიზებური სამყაროსგან";

  • "ეს კანონი ემსახურება საქართველოში პუტინის რუსეთის ავტოკრატიული მოდელის დამკვიდრებას", — აღნიშნულია განცხადებაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა.

  • ამჟამად უმრავლესობის წევრებს "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული და ორივე მათგანს კომიტეტებზე განიხილავენ.
  • კანონპროექტის დაინიცირებისა და განხილვის დაწყებას აქტიურად აპროტესტებენ არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
  • საქართველოს პარტნიორი ქვეყნები და ევროსტრუქტურების წარმომადგენლები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტის ნებისმიერი ფორმით მიღება ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხის ქვეშ დააყენებს.

"არა რუსულ კანონს": საუნივერსიტეტო საზოგადოების უარი თავისუფლების, ცოდნის და მომავლის კონტროლს — ამ სათაურით პეტიციას აქვეყნებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, მკვლევრები, უმაღლესი განათლების ადმინისტრატორები და სტუდენტები.

  • პეტიცია სათეატრო სფეროს წარმომადგენლებმაც შეიმუშავეს, სადაც აღნიშნულია, რომ ინიციირებაც კი შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქეებისათვის.
  • კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც აპროტესტებენ რუსულ კანონს და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის სახელზე ღია წერილს აქვეყნებენ.
  • საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოება (ICON•S) კანონპროექტთან დაკავშირებით ევროინტეგრაციისა და სხვა მიმართულებებით საფრთხეებზე საუბრობს.