საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორი, გიორგი გვიმრაძე On.ge-სთან საუბრისას რადიო თავისულების გადაცემების შეწყვეტის საკითხს ეხმიანება. რადიო თავისუფლებამ მაუწყებლისგან ხელშეკრულებების ვადის ამოწურვის შესახებ წერილი მიიღო.

დაიხურა თუ არა რადიო თავისუფლების გადაცემები და გავა თუ არა შემდეგი სეზონიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გვიმრაძე ასე პასუხობს:

"ჩვენ მხოლოდ შეტყობინება გავაგზავნეთ, რომ ხელშეკრულებებს ვადა გასდის და შემდეგ რა იქნება ჯერ ვერაფერს გეტყვით".

ამავე კითხვას არ პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული განცხადებაც. განცხადებაში საუბარი არაა გაგრძელდება თუ არა გადაცემები შემდეგ სეზონზე მაუწყებლის ეთერში.

გვიმრაძე 26 აპრილს On.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ რადიო თავისუფლებასთან ამ ორი გადაცემის ეთერში განთავსების საკითხზე მოლაპარაკებებს გეგმავდნენ. რადიო თავისუფლებაში ამბობენ, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკება ამ დრომდე არ ყოფილა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, 17 ივლისიდან მოამბის გარდა, ყველა გადაცემა დაიხურება. როგორც დოკუმენტში წერია, ეთერში 2017 წლის სექტემბრიდან დაბრუნდება პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისად, კონკურსის წესით შერჩეული ახალი გადაცემები.