ამის შესახებ ადვოკატები ჟურნალისტებთან საუბრობენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს, რასაც, პარალელურად, პარლამენტსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვაპროტესტებდით.

  • კომიტეტების სხდომაზე არ შეგვიშვეს მედია, NGO-ები, კრიტიკულად განწყობილი დეპუტატები, თუმცა შეუშვეს ანტიდასავლური მოძრაობის, ხალხის ძალის წევრები და ქართულ ოცნებასთან აფილირებული ე.წ. უფლებადამცველები.
  • პოლიციამ დააპატიმრა აქციაზე მისული 36 ადამიანი, მედიის წარმომადგენლები და აქტივისტები — უმეტესად იმიტომ, რომ კონსტიტუციით მინიჭებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდნენ და მონასა და მოღალატეებს იძახდნენ.
  • ხოლო მედიაზე, რომელიც პარლამენტში მიმდინარე პროცესებს აშუქებდა, იძალადეს — საკანონმდებლო ორგანოს ეზოდან ძალის გამოყენებით გამოაგდეს On.ge-ის მთავარი რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი.
  • აქციაზე დააკავეს ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი და პუბლიკას დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი.
  • მუშაობისას დაშავდა TV პირველის ოპერატორი, რომელმაც შეტაკებების დროს მიიღო დაზიანებები და აღენიშნება ფეხისა და თავის ტრავმა.

დეტალები: ადვოკატების თქმით, ერთ-ერთ დაკავებულს, დავით ჩხობაძეს დაკავების დროს პოლიციელები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ასევე დაკავების პროცესში კისერში ხელის მოკიდებით წაათრიეს.

  • ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა რამდენჯერმე ხელის დარტყმაც იგრძნო.
  • "აგინებდა პოლიციელი. ფიზიკური დაზიანებები მას გუშინაც ეტყობოდა, რაც დაფიქსირებული აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართავთ", — განმარტავს იურისტი.
  • მათივე თქმით, რამდენიმე დაკავებულს გაესაუბრა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და დაუდასტურდათ ძალადობის ნიშნები და რამდენიმე მათგანმა სურვილი გამოთქვა, რომ სასამართლო პროცესზე ესაუბრათ ამის შესახებ.
  • "რამდენიმეს სახეზეც ეტყობა დაზიანებები და ასევე წვივის არეში. შსს-ს ახლავე შეუძლია, რომ სასამართლო ჩაატაროს, მაგრამ ესეც არის დამსჯელობითი მექანიზმი. რომ სასამართლოს არ ატარებს და წელავს,იმ უკანონო კანონებით, რაც მათ მიიღეს", — ამბობს ადვკატი.