ამის შესახებ მოძალადე, პუტინისტი, პრორუსი ალტ-ინფოს დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს.

დეტალები: პუტინისტი მორგოშია კანონპროექტს აქებს და საინტერესოს უწოდებს.

  • ამტკიცებს, თითქოს, "შექმნილი აჟიოტაჟიდან გამომდინარე, ნათელი და ცალსახაა, ვინ წარმოადგენს ქვეყანაში უცხო ქვეყნიდან მართულ აგენტურ ქსელს".
  • მეტიც, 5 ივლისს ჟურნალისტებზე მოძალადეთა ერთ-ერთი ლიდერი, არა თუ მიესალმება რუსული კანონის მიღებას, არამედ "აგენტებთან" რეგისტრაციასთან ერთად, მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიების საქმიანობის შეჩერებას.
  • მორგოშიას აინტერესებს, "შესწევს თუ არა ქართულ ოცნებას უნარი, ბოლომდე დაიცვას თავისი პრინციპები".

რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს, რასაც პარალელურად პარლამენტში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვაპროტესტებდით.

  • კომიტეტების სხდომაზე არ შეგვიშვეს მედია, NGO-ები, კრიტიკულად განწყობილი დეპუტატები, თუმცა შეუშვეს ანტიდასავლური მოძრაობის, ხალხის ძალის წევრები და ქართულ ოცნებასთან აფილირებული ე.წ. უფლებადამცველები.
  • დაძაბული სიტუაციის გამო სხდომის დარბაზი შეიცვალა და კომიტეტი დაგვიანებით დაიწყო.
  • რუსული კანონის და დეპუტატების ქმედებების გასაპროტესტებლად ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა 6 საათზე აქცია დააანონსეს და მოსახლეობას შეკრებისკენ მოუწოდეს.
  • აქციაზე მისულ მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს პოლიცია აპატიმრებდა — უმეტესად იმიტომ, რომ კონსტიტუციით მინიჭებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდნენ და მონას და მოღალატეებს იძახდნენ.
  • ხოლო მედიაზე, რომელიც პარლამენტში მიმდინარე პროცესებს აშუქებდა იძალადეს — საკანონმდებლო ორგანოს ეზოდან ძალის გამოყენებით გამოაგდეს On.ge-ის მთავარი რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი.
  • აქციაზე დააკავეს ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი და პუბლიკას დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი.
  • მუშაობისას დაშავდა TV პირველის ოპერატორი, რომელმაც შეტაკებების დროს მიიღო დაზიანებები და აღენიშნება ფეხის და თავის ტრავმა.

საიაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა უნდა იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კონვენციური უფლებების პატივისცემით, არ გამოიყენონ არაპროპორციული ძალა.

  • ასოციაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს — შეისწავლოს მედია წარმომადგენლების, დემონსტრანტების დაკავების, სავარაუდო დაზიანების ფაქტები და ჰქონდეს ჯეროვანი რეაგირება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევაზე, როგორც ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის მსუსხავი ეფექტის მქონე პრაქტიკაზე.

ეთიკის ქარტია პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას და ჟურნალისტების დაკავებას გმობს.

  • ქარტია მოუწოდებს თავმჯდომარეს ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანაზე მკაცრი რეაგირება ჰქონდეს და დაავალოს შესაბამის სამსახურებს, შეისწავლონ დაცვის სამსახურის ქმედებები.
  • ასევე მოუწოდებს პარლამენტს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში, რათა ჟურნალისტებმა მოახერხონ საზოგადოების დროული და სრული ინფორმირება.

მედიის ადვოკატირების კოალიცია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მედიის წარმომადგენლების დაკავებისა და პროფესიული საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებთან დაკავშირებით.

  • მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დადგეს პასუხიმგებლობა ყველა იმ პირისა, ვინც მონაწილეობდა მედიის წარმომდგენლების უკანონო დაკავების, მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისა თუ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის უკანონო ხელშეშლაში.

NGO-ები მზად არიან, სამართლებრივი დახმარება გაუწიონ აქციაზე დაკავებულ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს.

  • TI-ის დახმარებისთვის უნდა მიმართოთ შემდეგ ნომრებზე: 599 911 558, 591 926 229, 599 890 966.
  • მედიის ადვოკატირების კოალიციას უნდა დაუკავშირდეთ ნომერზე: 0800100143.