ბუდაპეშტში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ მეორე რეგიონულ კონფერენციაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელია სიტყვით გამოვიდა.

„საქართველო 2013 წლიდან ახორციელებს სისტემურ რეფორმებს და მტკიცედ მიისწრაფვის ევროპული ინტეგრაციისკენ“ - განაცხადა ბესელიამ კონფერენციაზე.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ 2013 წლიდან გატარებული სისტემური რეფორმების მიზნები იყო სწრაფი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროპასთან, საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცება და ადამიანის უფლებების დაცვა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2012 წლამდე საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არაერთი გამოწვევა ჰქონდა. ბესელიას განცხადებით, პრობლემებს შორის იყო ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენების პრაქტიკისა და ინსტიტუციური გამოცდილების არარსებობა.

ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ 2013 წლიდან, ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა მთავარ პრიორიტეტად გამოცხადდა და შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის 7-წლიანი ეროვნული სტრატეგია, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა.