სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის (UniSA) მკვლევრები მიიჩნევენ, რომ დეპრესიისა და სხვა გავრცელებული ფსიქიკური პრობლემების მკურნალობისას უპირატესობა ვარჯიშს უნდა მიენიჭოს. მათი ეს მოსაზრება კვლევების ყველაზე მასშტაბურ მიმოხილვას ემყარება, რომელიც კი აქამდე ჩატარებულა. ნაშრომს გამოცემაში British Journal of Sports Medicine გაეცნობით.

თავისთავად, მიგნება ფსიქოთერაპიისა და მედიკამენტური მკურნალობის მნიშვნელობას არ აკნინებს. დადგინდა, რომ ფიზიკურ აქტივობას შეუძლია, დეპრესიის, შფოთვისა და სხვა სახის ფსიქოლოგიური დისტრესის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომები შეამსუბუქოს.

კვლევის თანახმად, სიმპტომები ყველაზე უკეთ 12-კვირიანი ანდა უფრო ხანმოკლე ვარჯიშისას შემცირდა.

"...კვლევა აჩვენებს, რომ ფსიქიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ბევრი ვარჯიში სულაც არაა საჭირო", — აცხადებს ბენ სინგი, ნაშრომის მთავარი ავტორი და UniSA-ს მკვლევარი.

ფსიქიკური აშლილობები მსოფლიოში ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი წამყვანი მიზეზია. 2019 წელს მენტალური პრობლემები 8-იდან ერთ ადამიანს აწუხებდა. ამასთანავე, ახალი კვლევებით იკვეთება, რომ შუახნის ასაკში ადამიანთა დაახლოებით 20% შედარებით მწვავე ფსიქოლოგიურ დისტრესს განიცდის.

წინა კვლევებით დადგენილია ისიც, რომ დეპრესიის, შფოთვისა და სხვა ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებმა ფიზიკური აქტივობისგანაც ისეთივე სარგებელი შეიძლება მიიღონ, როგორიც ფსიქოთერაპიისგან ანდა მედიკამენტური მკურნალობისგან.

"ცნობილია, რომ ფიზიკური აქტივობა ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს", — ამბობს სინგი — "თუმცა, არსებული ცოდნის მიუხედავად, იგი მკურნალობის უპირატეს მეთოდად ფართოდ არ დანერგილა".

როგორც წესი, ცალკეული კვლევების ფარგლებში სხვადასხვა ტიპისა და ინტენსივობის ფიზიკური აქტივობის მოქმედებას სწავლობენ სხვადასხვა პოპულაციებზე. შესაბამისად, ექიმებისთვის რთულია განსაზღვრონ, თუ რა სარგებელს მოიტანს ვარჯიში ფსიქიკური აშლილობების მკურნალობისას.

სწორედ ამიტომ, UniSA-ს მეცნიერებმა გაცილებით მასშტაბურ კვლევას, ე.წ. ქოლგისებრ მიმოხილვას, მიმართეს. მათ ამ გზით შეაფასეს, თუ რა გავლენა აქვს ყოველივე ტიპის ფიზიკურ აქტივობას ზრდასრულებში დეპრესიაზე, შფოთვასა და სხვა ფსიქოლოგიურ სირთულეებზე.

ქოლგისებრი მიმოხილვა არა ცალკეული კვლევების განხილვა, არამედ კვლევათა მიმოხილვების მიმოხილვას გულისხმობს, რათა კონკრეტულ საკითხზე არსებული სამეცნიერო ცოდნა შეჯამდეს. მას სხვაგვარად სისტემური მიმოხილვების შეჯამება ანდა მიმოხილვათა სინთეზიც შეგვიძლია ვუწოდოთ.

მკვლევრებმა 12 ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან 2022 წლამდე გამოქვეყნებული ყველა შესაფერისი კვლევა მოიპოვეს. ჯამში მათ 97 მიმოხილვა გააანალიზეს, რომლებიც 1039 ცდასა და 128 119-ზე მეტ ცდისპირს აერთიანებდა.

ყველა პოპულაციაში ვარჯიშისა და ჩვეულებრივი მკურნალობის შედეგების შედარებით დადგინდა, რომ ვარჯიში დეპრესიის, შფოთვისა და ფსიქოლოგიური დისტრესის სიმპტომებს ფსიქოთერაპიასა და მედიკამენტურ მკურნალობაზე 1.5-ჯერ ეფექტიანად შველოდა.

"აღმოვაჩინეთ ისიც, რომ ყველა ტიპის ფიზიკური აქტივობა იყო სასარგებლო, მათ შორის: აერობული ვარჯიში, თუნდაც სიარული, ძალისმიერი ვარჯიში, პილატესი და იოგა", — აცხადებს სინგი.

მეორე მხრივ, სხვადასხვა ტიპის აქტივობა პაციენტებს სხვადასხვანაირად ეხმარებოდა. მაგალითისთვის, იოგა და გონება-სხეულის სხვა ვარჯიშები ყველაზე უკეთ შფოთვას ამცირებდა, ძალისმიერი ვარჯიში კი დეპრესიას შველოდა ყველაზე ეფექტიანად.

"უფრო მაღალი ინტენსივობის ვარჯიში შფოთვასა და დეპრესიას უკეთ ამსუბუქებდა, მეტ ხანგრძლივობას კი მცირე და საშუალო დროის ვარჯიშთან შედარებით მცირე გავლენა ჰქონდა", — აზუსტებს სინგი.

ერთი შეხედვით, აზრსმოკლებულია, რომ შედარებით ხანმოკლე ვარჯიში ხანგრძლივზე ეფექტიანი აღმოჩნდა. ავტორები ამას იმით ხსნიან, რომ, შესაძლოა, ადამიანებისათვის ხანგრძლივი პროგრამებისათვის მიყოლა დამღლელი ყოფილიყო.

ყველაზე დიდი სარგებელი მიიღეს ორსულებმა, ახლად ნამშობიარებმა ქალებმა, ასევე დეპრესიის, HIV ვირუსის, თირკმლის დაავადების მქონე ადამიანებმა და სულაც ჯანმრთელებმა.

მკვლევრები მიგნებას იმას უკავშირებენ, რომ ისეთი პოპულაციები შეისწავლეს, რომელთაც დეპრესიისა თუ შფოთვის უფრო მაღალი და ფიზიკური აქტივობის დაბალი მაჩვენებლები შეიძლებოდა ჰქონოდათ. შესაბამისად, არაკლინიკურ პოპულაციებთან შედარებით მათ მეტის გაუმჯობესება შეეძლოთ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცნობების უმეტესობაში მსუბუქი თუ საშუალო სიმძიმის დეპრესია იყო აღწერილი, შფოთვასა და ფსიქოლოგიურ დისტრესს კი შედარებით ცოტა მიმოხილვა ეთმობოდა. შესაბამისად, დასკვნები უფრო მყარი მაშინ იქნება, თუკი ფსიქიკური ჯანმრთელობის განსხვავებულ სფეროებში მეტი კვლევა ჩატარდება.

კვლავაც, საგულისხმოა, რომ მიგნებები მედიკამენტური მკურნალობისა და ფსიქოთერაპიის მნიშვნელოვნებას არ აკნინებს — ისინი მხოლოდ მიგვანიშნებს, რომ ვარჯიშიც არანაკლებ სასარგებლოა და საკითხს ცოტა სხვა თვალით უნდა შევხედოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.