საზოგადოებრივ მაუწყებელზე სალომე ასათიანის ინტერვიუ და გოგი გვახარიას წითელი ზონა ივლისის შუა რიცხვებიდან აღარ გავა. როგორც On.ge-ს გვახარიამ განუცხადა, მსგავსი შინაარსის წერილი საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მიიღეს.

როგორც წითელი ზონის წამყვანი ამბობს, წერილში არ არის აღნიშნული გადაცემები სეზონურად შეწყდა, თუ მაუწყებელმა თანამშრომლობაზე უარი თქვა.

"აქამდე კონტაქტზე საერთოდ არ გამოსულან ჩვენთან, ახლა რა აზრი აქვს, არ ვიცი. თვითონ არ ჰქონიათ კომუნიკაციის სურვილი," - ამბობს გვახარია და დასძენს, რომ არ გეგმავს საზოგადოებრივ მაუწყებელს სამომავლო გეგმებზე დაელაპარაკოს, თუმცა, არ იცის ამ საკითხზე რადიო თავისუფლების პოზიცია.

საზოგადოებრივ მაუწყებელში On.ge-ს სატელეფონო ზარებს ამ ეტაპზე არ პასუხობენ. თუმცა, 26 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორი, გიორგი გვიმრაძე ამბობდა, რომ რადიო თავისუფლებასთან ამ ორი გადაცემის ეთერში განთავსების საკითხზე მოლაპარაკებებს გეგმავდნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, 17 ივლისიდან მოამბის გარდა, ყველა გადაცემა დაიხურება. როგორც დოკუმენტში წერია, ეთერში 2017 წლის სექტემბრიდან დაბრუნდება პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისად, კონკურსის წესით შერჩეული ახალი გადაცემები.