ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ქართულმა სტარტაპმა Supernova-მ (Pulsar AI-ის შვილობილი კომპანია) შექმნა ჩატბოტი, რომელიც ყველასთვის კარგად ცნობილი ChatGPT-ის ანალოგია. ეს უკანასკნელი ინგლისურ ენაზე ესეებს, სამოტივაციო წერილებსა თუ სტატიებს უსწრაფესად გვაწერინებს, მაგრამ ქართული ტექსტების დასაგენერირებლად აქამდე მსგავსი სერვისი ხელმისაწვდომი არ ყოფილა.

Supernova სწორედ ამგვარ ჩატბოტს გვთავაზობს, სანაცვლოდ კი მხოლოდ GPT-3-სა და ავტომატური თარგმანის მიერ დაბრუნებული შედეგების შეფასებას გვთხოვს. ამ მონაცემებს სტარტაპი თარგმანის ხარისხის გასაუმჯობესებლად და, პირველ ეტაპზე, ნეირონულ ქსელებზე დაფუძნებული ქართულ-ინგლისური დიდი ენობრივი მოდელის შესაქმნელად გამოიყენებს.

"დიდი ენობრივი მოდელები და მათზე დაფუძნებული სერვისები, როგორიც არის ChatGPT და სხვები, საოცარ შესაძლებლობებს აძლევს მათ, ვინც ინგლისურად წერს, კითხულობს და აზროვნებს. ინგლისურად ციფრული ტექსტის შექმნა ხდება გაცილებით მარტივი და სწრაფი. იმეილი, სტატია თუ რეცენზია საათების მაგივრად წამებში იწერება.

ჩვენი მიზანია, ამ მომენტისთვის ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების საშუალებით ChatGPT-ს მსგავსი სერვისი შევთავაზოთ ქართულენოვან მომხმარებლებს", — ვკითხულობთ Supernova-ს განცხადებაში.

ცნობილია, რომ დასაწყისისთვის შეფასდება, რამდენად კარგად მუშაობს თარგმნის ფუნქცია და გამოვლინდება ნაკლოვანებები, რაზე დაყრდნობითაც სტარტაპი სერვისის გაუმჯობესებაზე იზრუნებს. შემდეგ უკვე სწორი მასალა შეგროვდება და ჩატბოტის მომხმარებელთა რაოდენობაც გაიზრდება, რაც ინჟინრებს უკეთესი სისტემის შექმნაში დაეხმარება.

უნდა ითქვას, რომ ახალი ქართული ჩატბოტი არასწორ ინფორმაციასაც აგენერირებს, რისი მიზეზიც ისაა, რომ სისტემა ინტერნეტში არსებულ მონაცემებს ეყრდნობა, იქ, კი, მოგეხსენებათ, არასანდო წყაროებსაც ვაწყდებით. მომხმარებლების მხრიდან ასეთმა მცდარმა ფაქტებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ამიტომ Supernova-ს განცხადებას შემდეგი გაფრთხილება დაემატა:

"ეს არის ავტომატიზებული სისტემა, რომელიც იყენებს open ai-ს მიერ შექმნილ ენობრივ მოდელს, რომელმაც შეიძლება დააგენერიროს ისეთი ტექსტი, რომელიც არ ეფუძნება ფაქტებს და არ წარმოადგენს სიმართლეს. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ინფორმაციის სრულყოფილებასა და სისწორეზე".

ჩატბოტის გამოსაყენებლად მიჰყევით ბმულს: https://chat.supernova.ge/

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.