ბირჟა მაფიას გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად, ბოლო დროს, აქტუალური გახდა ქართული ჰიპ-ჰოპი, რომელიც არც აქამდე იყო მთლად ანდერგრაუნდში, მაგრამ ისეთ მეინსტრიმში, როგორიც ბოლო დღეებშია, ჯერ-ჯერობით არ ყოფილა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ქართული ჰიპ-ჰოპი თავის მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქართველი არტისტების სიმღერებს, Youtube-ზე, ასიათასობით და ზოგჯერ რამდენიმე მილიონი ნახვა-მოსმენა აქვს.

ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტია Samory MC, რომელსაც გამორჩეული სტილი და ე.წ. Flow ანუ ტექსტის წაკითხვის ტექნიკა აქვს.

Samory MC თავისი ბოლო ტრეკით, რომელსაც სახელმწიფოს მტერი ჰქვია, ბოლო მოვლენებს ეხმაურება.

"თუ ტყუილი დაპირებების ყლაპვით ამოგეწვა ყელი,
დამაჯერებლად ვერ თამაშობ წევრს ბედნიერი ერის,
ნომენკლატურას გმობ და თვითონ დაარქვი სახელი,
შენ გადაკვეთე ხაზი, ხარ სახელმწიფოს მტერი", ისმის ტექსტში.

Samory MC-ს ეს სიმღერა პირველი სოციალური ტექსტი არ არის. თანამედროვე ქართული ჰიპ-ჰოპი უკვე დიდი ხანია გამოვიდა 90-იანებისა და 2000-იანების დასაწყისში არსებული მეინსტრიმული, პაპსა რეპის ჩარჩოებიდან და ახალგაზრდა არტისტები მრავლად გვთავაზობენ ხარისხიან, აქტუალურ თემებსა და პრობლემებზე შექმნილ სიმღერებს.

მოუსმინეთ Samory MC-ს სიმღერას, გაეცანით მის სხვა ტრეკებსაც და დარწმუნდებით, რომ ბოლო წლებში, ქართული რეპი ახალი თაობის ხმად გადაიქცა.