ცოტა ხნის წინ ალეკ ბოლდუინმა ოპერატორის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის თავი ისევ უდანაშაულოდ ცნო. შეგახსენებთ, რომ გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის ნასროლ ტყვიას ოპერატორი ემსხვერპლა, რის გამოც მსახიობს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის ბრალი წარედგინა. ალეკ ბოლდუინი სასამართლოს წინაშე გასულ პარასკევს უნდა წარმდგარიყო, მაგრამ მან ამ უფლებაზე უარი განაცხადა და სარჩელი შეიტანა.

2021 წლის ოქტომბერში, ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე, ალეკ ბოლდუინის მიერ ნასროლ ტყვიას ოპერატორი ჰალინა ჰაჩინსი შეეწირა. ბოლდუინი აცხადებდა, რომ მას სასხლეტისთვის თითი არ გამოუკრავს და ოპერატორი ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი გახდა; ხოლო სასამართლო ჩანაწერები მიუთითებდა, მსახიობმა არც იცოდა, გადატენილ იარაღს რომ აწვდიდნენ.

მსახიობი ასევე დაეთანხმა სასამართლოს პირობებს, რომელიც მას საშუალებას აძლევს ფილმის გადაღება დაასრულოს, მაგრამ გადასაღებ მოედანზე იარაღის გამოყენება და ალკოჰოლის მიღება ეკრძალება. მსახიობს ასევე ეკრძალება ყველა იმ ადამიანთან კონტაქტი, რომელიც საქმეში მოწმეებად განიხილებიან.

"იარაღი ცარიელი უნდა ყოფილიყო. მე მითხრეს, რომ ცარიელ იარაღს მაძლევდნენ. ერთადერთ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: საიდან აღმოჩნდა გადასაღებ მოედანზე საბრძოლო ვაზნა? ვიღაცამ ნამდვილი ვაზნა ჩადო იარაღში, ვაზნა, რომელიც იქ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო", — განაცხადა ალეკ ბოლდუინმა.

სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის ბრალი გადასაღებ მოედანზე იარაღზე პასუხისმგებელ პირს, ჰანა გუტირეს-რიდსაც წარედგინა. ამასთან, რეჟისორის ასისტენტმა დევიდ ჰოლსმა ხელი მოაწერა დამნაშავედ აღიარების ცნობას "სასიკვდილო იარაღის დაუდევარი გამოყენებისთვის". აღნიშნული ბრალდება თავისუფლების 18 თვემდე აღკვეთას და $5000-იან ჯარიმას ითვალისწინებს. თუმცა, ყველაზე მძიმე ვერსიაში დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ბოლდუინს, გუტირეს-რიდს, ან ორივეს, 5 წლამდე პატიმრობა მიესჯებათ.