ინფორმაციას გამოცემა Nation ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გასული წლის ნოემბერში კენიის ხელისუფლებამ საქართველოში ბაობაბების ექსპორტი შეაჩერა, რაც კენიის გარემოს დაცვისა და სატყეო მეურნეობის სამინისტრომ ეკოსისტემისთვის ზიანის არიდების მოტივით ახსნა.

  • აფრიკული ბაობაბების ალიანსის თავმჯდომარემ "ბიომეკობრეობად" შეაფასა ქართული კომპანიის მცდელობა, ამოეძირკვა 8 გიგანტური ხე და საქართველოში გადაეტანა.
  • კენიური მედიის ცნობით კი, ბაობაბების გადმორგვა იგეგმებოდა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და დაფინანსებით გაშენდა.
  • გადაწყვეტილებას გარემოს დამცველების მწვავე პროტესტი მოჰყვა — მათი თქმით, ქართველ და უცხოელ კონტრაქტორთა ჯგუფს ლიცენზიები არალეგალურად ჰქონდათ მოპოვებული.

დეტალები: გამოცემის ცნობით, კენიის მთავრობამ დაამტკიცა ბაობაბის ხეების საკამათო ექსპორტი ქილიფიდან შპს შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ურეკში.

  • ლიცენზია ვრცელდება იმ 8 ხეზე, რომლის ტრანსპორტირებაც ქართულმა კომპანიამ ნოემბერში ნებართვის გაუქმების გამო ვეღარ შეძლო.
  • ხეები, რომლებიც 500 000 კილოგრამს იწონის, კენიიდან საქართველოში 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით ტრანსპორტირდება.