ძაღლების მხრიდან ადამიანებისადმი გაწეულ თავდადებაზე არაერთი ისტორიის გახსენება შეიძლება, ლეგენდარული ჰაჩიკოს ამბავი იქნება ეს თუ ბათუმელი კუპატასი, რომელიც ბავშვებს ზებრა გადასასვლელის უსაფრთხოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა. ჩვენი ოთხფეხა მეგობრები დადებით ემოციებს უფრო მარტივი ქცევებითაც გამოხატავენ, თუნდაც კუდის ქიცინით.

მიუხედავად ამისა, ერთი საფუძვლიანი კითხვა მაინც ჩნდება: ასე იმიტომ იქცევიან, რომ მართლა ვუყვარვართ თუ უბრალოდ საკვებსა და მზრუნველობას ელიან?

ექსპერტებსა და კვლევებს თუ დავუჯერებთ, შესაძლოა, ძაღლებს ადამიანები საჭმელზე მეტადაც კი უყვარდეთ. ჩვენ მიმართ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ამგვარი გრძნობების დასადასტურებლად სტატიაში განსხვავებული სირთულის რამდენიმე კვლევას განვიხილავთ.

თავისი საყვარელი ოთხფეხა მეგობრის, ნიუტონის, სიკვდილის შემდეგ გრეგორი ბერნსი, ემორის უნივერსიტეტის ნევროლოგი, ძაღლების გრძნობებისა და ფიქრების შესახებ დაინტერესდა. მან თავისი ძაღლი კალი და კიდევ რამდენიმე სხვა გაწვრთნა, რათა MRI-ის აპარატის შიგნით არსებული ხმაურისთვის გაეძლოთ და მათი ტვინის აქტივობა შეესწავლა.

სხვათა შორის, ბერნსის მიერ შემუშავებული მეთოდი სხვა კვლევის ჩასატარებლადაც გამოიყენეს.

იხილეთ: როგორ აღიქვამენ ძაღლები სამყაროს? — მეცნიერებმა ჩვენი ოთხფეხა მეგობრები გამოიკვლიეს

მან ძაღლებს ნაცნობი/უცნობი ძაღლებისა თუ ადამიანების სხვადასხვა სუნი აყნოსა. მისი ნაშრომის თანახმად, ყნოსვის რეგიონი 12-ივე მათგანში აქტიურდებოდა იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იყო ადამიანი/ძაღლი. მიუხედავად ამისა, კუდიან ბირთვს (ტვინის რეგიონი, რომელიც შედარებით მაღალი დონის ფსიქიკურ პროცესებს უკავშირდება: ემოციებს, მოტივაციას, ჯილდოს, რომანტიკულ გრძნობებს...) მხოლოდ ნაცნობი სუნები ააქტიურებდა.

15 ძაღლზე ჩატარებული დამატებითი კვლევის ფარგლებში ბერნსმა შენიშნა, რომ შექების საპასუხოდ მათ 86%-ში კუდიანი ბირთვი ანალოგიურად ან უფრო მეტად აქტიურდებოდა, ვიდრე საკვების შემთხვევაში.

ასევე იხილეთ: პატრონისგან ნათქვამი "მიყვარხარ" ძაღლის გულისცემას 46%-ით ასწრაფებს — კვლევა

ასეთი დახვეწილი აღჭურვილობა არ გამოუყენებიათ, თუმცა კლაივ უინმა, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა, და მისმა კოლეგებმა ასევე აღმოაჩინეს მსგავსი რამ — თუ ძაღლს საკვებისა და ადამიანი კომპანიონის გარეშე ოთხ საათზე მეტხანს დავტოვებთ, შესაძლოა, მათ უპირატესობა თავიანთ პატრონებს მიანიჭონ.

ეს მარტივი ექსპერიმენტით დაასკვნეს, რომელიც გარაჟის მქონე გარეუბნის სახლში ჩაატარეს: პატრონის დაბრუნებისას ასისტენტი გარაჟში ძაღლს საკვებს უდებდა ორ მეტრში, ხოლო საპირისპირო მხარეს, ასევე ორი მეტრის დაშორებით, კი ადამიანი იდგა.

"ათიდან 8 შემთხვევაში ძაღლებმა პატრონი აირჩიეს", — ამბობს უინი.

სხვა მხრივ, ტაკეფუმი კიკუსუიმ, აზაბუს უნივერსიტეტის (იაპონია) მკვლევარმა, და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ადგილზე დიდხნიანი არყოფნის შემდეგ პატრონთან შეხვედრისას ძაღლებს ცრემლები მოსდით. მეორე მხრივ, ასეთი მძაფრი რეაქცია არ აქვს უბრალოდ ნაცნობი ცხოველის ან ადამიანის დაბრუნების შემდეგ.

ჰაჩიკოს პატივსაცემად აღმართული ბრინჯაოს ქანდაკება შიბუიას სადგურის გარეთ, იაპონიაში

ფოტო: Max Khoo/Shutterstock

ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომისას დაბომბვების შემდეგ ძაღლებს თავიანთი პატრონები გამოჰყავდათ ნანგრევებიდან. ამით შთაგონებულმა უინმა კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩაატარა: მან 60 ძაღლის პატრონს სთხოვა, ყუთებში ჩამძვრალიყვნენ და ისე მოქცეულიყვნენ, თითქოს გასაჭირში იყვნენ. ამით სურდა გაერკვია, გადაარჩენდნენ თუ არა ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ადამიანებს, თუმცა, ნაშრომის თანახმად, ასე სამიდან მხოლოდ ერთი მოიქცა.

"გამოდის, ორ მესამედს არ ადარდებდა?", — იკითხავთ. უინი შედეგს იმით ხსნის, რომ, ძაღლები მაშინაც ვერ მიხვდნენ, როგორ ჩაეღწიათ ყუთში, როდესაც შიგნით მათი საყვარელი საკვები იდო.

საგულისხმოა ისიც, რომ, უინის თქმით, ძაღლებს სხვა არსებებიც უყვართ, გარდა ადამიანებისა.

"ძაღლები გასაოცარი შესაძლებლობით იბადებიან, რომ ძლიერი ემოციური კავშირი დაამყარონ ნებისმიერი სახეობის წარმომადგენელთან, რომელსაც სიცოცხლის პირველი სამი თვის განმავლობაში შეხვდებიან", — აცხადებს ის.

ამრიგად, ფერმაში დაბადებულ ლეკვს იმავე სიძლიერის ემოციები როგორც ფერმერის, ასევე ცხვრის, ძროხის ან კატის მიმართაც კი შეიძლება გაუჩნდეს.

როგორც ძაღლებზე შეყვარებული ადამიანი და არა მეცნიერი, უინი მაინც ფიქრობს, რომ MRI და კონტროლირებადი ექსპერიმენტები სულაც არაა ერთადერთი საშუალებები ძაღლის გრძნობების შესაფასებლად. იგი გვირჩევს, რომ ყოველდღიურ მოვლენებს დავაკვირდეთ, მაგალითად, დღის ბოლოს სახლში დაბრუნებას, და საკუთარ შეგრძნებებსაც მივენდოთ.

"ძაღლი თუ გყავთ, იგი კართან დაგხვდებათ კუდის ქიცინით. არა უშავს, თუ ამ ქცევას დააკვირდებით და დაიჯერებთ, რასაც თქვენი ოთხფეხა მეგობარი გეუბნებათ. იგი თქვენთან ხელახლა შეხვედრისას ძლიერ ემოციებს გამოხატავს", — გვეუბნება ის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.