ცოტა ხნის წინ ჰარი სტაილსმა ავსტრალიაში კონცერტი გამართა. 30 ათასი ავსტრალიელი თაყვანისმცემლის წინაშე კი მომღერალმა წყალი ოფლიანი ფეხსაცმლიდან დალია. ფეხსაცმლიდან სითხის დალევის ტრადიციას ავსტრალიელები Shoey-ის ეძახიან და ჰარი სტაილსის კონცერტზე წყლის დალევამდეც სწორედ ეს შეძახილები გაისმა.

"ეს ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ტრადიციაა, რომლის შესახებაც ოდესმე მსმენია", — განაცხადა ჰარიმ წყლის დალევაზე, შემდეგ კი ფანების შეძახილებს ანგარიში გაუწია და საკუთარი ფეხსაცმლიდან წყალი დალია. "თავს სხვა ადამიანად ვგრძნობ. ჩემი თავის მრცხვენია. ამ საკითხს ჩემს თერაპევტთან განვიხილავ", — ასეთი კომენტარი გააკეთა მომღერალმა ავსტრალიური ტრადიციის შესრულების შემდეგ.

ფოტო: Twitter

ჰარი სტაილსი ერთ-ერთია იმ ვარსკვლავთაგან, რომლებიც ავსტრალიური ტრადიციის შესაბამისად მოიქცნენ. პარტიკ სტიუარტმა, Machine Gun Kelly-მ და სხვა ცნობილმა ადამიანებმა ავსტრალიაში ვიზიტისას ფანების თხოვნით ფეხსაცმლიდან დალიეს.

ფეხსაცმლიდან დალევის ტრადიცია ავსტრალიაში მე-20 საუკუნიდან იღებს სათავეს, თუმცა ადგილობრივებს Shoey-თან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ავსტრალიელების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს საზიზღრობაა და არ სურთ, მათი ქვეყანა ამ ტრადიციასთან ასოცირდებოდეს. ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ უწყინარი გართობაა, რომელიც თანასწორობის გრძნობას აღვივებს.