ბირჟა მაფიას ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ქებურიამ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ სამართალდამცავებს მისთვის ნარკოტიკული საშუალება არ ჩაუდიათ და ნივთიერების არსებობა, რეალურად, მხოლოდ დოკუმენტით გაფორმდა. მისი თქმით, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოხდა, რის გამოც დანაშაული აღიარა.

მისი თქმით, მან მისი დამკავებელი სამართალდამცავების სახელები და გვარები არ იცის, თუმცა, მათი ამოცნობა შეუძლია.

"[კლიპზე] იყო ლაპარაკი, გამოიწვია გაღიზიანება, რადგან გაშარჟებული იყო პოლიციელი," - აღნიშნა ქებურიამ, რომლისთ თქმითაც, დაკავებისას საუბარი იყო სამაგალითოდ დასჯაზეც, რადგან მსგავსი ქმედება აღარ განმეურებულიყო.

გიორგი ქებურია სასამართლო დარბაზიდან რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლდა. მას გირაოს სახით 20 ათასი ლარი აქვს შეფარდებული. დღესვე, ამავე ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, მიშკა მგალობლიშვილი კი სასამართლოდან 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

გუშინ, 11 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. უწყება აღნიშნავდა, რომ ბირჟა მაფიას წევრების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას აღარ მოითხოვდა.

რეპერების მხარდამჭერი აქციის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ენერგეტიკის მინისტრისა და ბერა ივანიშვილის განცხადებებისა შემდეგ, 11 ივნისს, პროკურატურამ განაცხადა, რომ მგალობლიშვილისა და ქებურიას პატიმრობას აღარ მოითხოვდა. ამავე განცხადებით ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სამართალდამცავების მხრიდან, ბირჟა მაფიას წევრების დაკავების დროს, მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე გამოძიება დაიწყო.

ბირჟა მაფიას წევრები, გიორგი ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რეპერებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.