საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსის პრეზიდენტისა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის შეხვედრას გამოეხმაურა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ბელარუსის ლიდერის ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობაა.

  • ლუკაშენკო და ბჟანია ერთმანეთს გასული წლის სექტემბერშიც შეხვდნენ, მაშინ ბელორუსის პრეზიდენტი აფხაზეთში ჩავიდა, რითაც ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია.

დეტალები: სამინისტრო გმობს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან.

  • "ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს", — ნათქვამია განცხადებაში.