ირანმა ყატარში საკვებით დატვირთული ხუთი თვითმფრინავი 11 ივნისს გაგზავნა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებმა. ამის მიზეზად კი ყატარის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა და ფინანსირება დასახელდა.

დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას ყატარის ეკონომიკური ბლოკადის გადაწყვეტილება მოჰყვა, დახურულია საზღვარი საუდის არაბეთთან, ასევე ყატარის სამოქალაქო ავიაციისთვის დაიხურა საუდის არაბეთის, ეგვიპტის, ბაჰრეინისა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეები. ამ გადაწყვეტილებების შედეგად, ყატარი მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდა. ყატარში მოხმარებული საკვების 40% სწორედ საუდის არაბეთიდან იყო იმპორტირებული. დღევანდელი მდგომარეობით, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მხოლოდ ირანმა შეინარჩუნა დიპლომატიური ურთიერთობები ყატართან, Iran Air-ის წარმომადგენელმა შარუკ ნუშაბადიმ France Press-თან ინტერვიუში განაცხადა:

"ჯერჯერობით ყატარში გაგზავნილია 5 თვითმფრინავი, თითოეულ მათგანზე განთავსებულია 90 ტონა საკვები( ბოსტნეული და ხილი). კითხვაზე, კიდევ რა რაოდენობის საკვების გაგზავნას გეგმავს ირანი ყატარისთვის, ნუშაბადიმ განაცხადა, რომ ირანი ყატარში საკვებს მანამ გააგზავნის, სანამ ამის აუცილებლობა და საჭიროება იქნება. France Presse ის ინფორმაციით, ირანიდან ყატარის მიმართულებით გაემართა სამი გემი, ჯამში, 350 ტონა საკვებით. ჯერჯერობით უცნობია, საკვების გადაცემა ყატარისთვის წარმოადგენს ჰუმანიტარულ დახმარებას, თუ სავაჭრო შეთანხმებას.

პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, შიიტური ირანის ასეთი აქტიურობა მიზნად რეგიონში მთავარი მოწინააღმდეგის – სუნიტური საუდის არაბეთის პოლიტიკურ დასუსტებას ისახავს მიზნად.