ამბობენ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. მაშინაც კი, თუ საქმეზე უკვე ხელი გაქვს ჩაქნეული, შეიძლება სასწაული მოხდეს და ყველაფერი ისე გამოვიდეს, როგორც იმედოვნებდი — ან, შესაძლოა, მოლოდინსაც გადააჭარბოს რეალობამ.

სწორედ ასე მოხდა ამერიკელი მწერლის, ლოიდ დევერო რიჩარდსის შემთხვევაში. რიჩარდსმა თრილერის ჟანრის სადებიუტო რომანი, Stone Maidens, 10 წელზე მეტი ხნის წინ, 2012-ში, გამოსცა. ნაწარმოებზე მუშაობას ავტორმა 14 წელი შეალია, მაგრამ გამოსვლის შემდეგ წიგნს დიდი გამოხმაურება ნამდვილად არ მოჰყოლია.

თუმცა, ახლა უკვე 74 წლის რიჩარდსის შვილმა გადაწყვიტა, რომ მამამისის წიგნი მეტ ყურადღებას იმსახურებდა. მარგერიტ რიჩარდსმა გეგმაც დაისახა და რომანის პოპულარიზაცია ტიკტოკის მეშვეობით განიზრახა. ლოიდი კი თავიდან ამ აზრს სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა, სულ მალე დარწმუნდა, რომ მისი შვილის გეგმამ გაამართლა.

მამამისისა და წიგნის შესახებ გადაღებულ ვიდეოს, რომელიც მარგერიტმა ტიკტოკზე განათავსა, 44 მილიონი ნახვა და 10 მილიონამდე მოწონება ხვდა წილად.

@stonemaidens It’s a beautifully written thriller on Amazon 🥹❤️ #stonemaidens #booktok #authorsoftiktok #thrillerbooks #books ♬ original sound - e

"გაყიდვები მაინცდამაინც დიდი არაა, მაგრამ იგი მაინც ბედნიერია", — ამბობს მარგერიტი ვიდეოში, — "მე კი მინდა, გაყიდვებმაც მოიმატოს".

ასე აგიხდეთ ყველაფერი!

"პარასკევს ხელფასს ვიღებ და, როგორც კი ანგარიშზე ფული დაირიცხება, მაშინვე ვიყიდი", — წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი, — "ჩემგან მიულოცეთ".

ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე რიჩარდსის წიგნი ამაზონზე სრულად გაიყიდა და საიტზე N1 ბესტსელერი გახდა.

"შესანიშნავი წიგნია, მე კი ვიცოდი, მისთვის რამდენს ნიშნავდა ის", — ამბობს მწერლის შვილი, — "ვიფიქრე, ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ რომანის შესახებ არავინ იცის-მეთქი".

აი, თავად მწერალს კი მომხდარი ჯერ კიდევ ვერ დაუჯერებია. მისმა გულის ამაჩუყებელმა რეაქციამ, რომელიც მარგერიტმა ასევე გადაიღო, ტიკტოკზე მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა.

@stonemaidens you all are amazing! Life can be hard and then it can be wonderful suddenly (still crying) #stonemaidens ♬ original sound - lloyd

მართალია, წიგნის წარმატებით მამა-შვილი ძალიან გახარებულია, მაგრამ ლოიდი წერისთვის თავის დანებებას ჯერ არ აპირებს. მეტიც — ახლა უკვე ბესტსელერი რომანის გაგრძელებაზე იგი 5 წელია, მუშაობს. ასე რომ, მის ერთგულ მკითხველებს წინ საინტერესო ამბავი ელოდებათ.