ბრიუს უილისის ოჯახის განცხადებით, მსახიობს ფრონტოტემპორალური დემენციის დიაგნოზი დაუსვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ უჯრედები მისი ტვინის იმ ნაწილშია დაზიანებული, რომელიც დაგეგმვაზე, მსჯელობაზე, ემოციებზე, მეტყველებასა და მოძრაობაზეა პასუხისმგებელი.

აღნიშნული ტიპის დემენციის შემთხვევაში ხშირია ქცევისა და ხასიათის ცვლილებები, პერსონალურ და სოციალურ სიტუაციებში მონაწილეობის უეცარი შეწყვეტა, საუბრისას სათანადო სიტყვების მოფიქრების გაძნელება, კუნთების სპაზმი, ბალანსის დარღვევა, კანკალი და მოძრაობის პრობლემები.

მსახიობის ოჯახის თქმით, "მათთვის შვებაა ზუსტი დიაგნოზისთვის მიგნება." 2022 წელს ბრუის უილისს აფაზიის დიაგნოზი დაუსვეს, რაც მეტყველების უნარს აქვეითებს, შემდეგ კი დაავადება პროგრესირდა და ფრონტოტემპორალურ დემენციაში გადაიზარდა.

ფოტო: Getty Images

"დღეს ამ დაავადებასთან ბრძოლის სამკურნალო მეთოდები არ არსებობს, თუმცა იმედი გვაქვს, მომავალში ეს შეიცვლება," — განაცხადეს ბრუსის ოჯახის წევრებმა და მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის საზოგადოებას მადლობა გადაუხადეს.

ფოტო: Demi Moore / Instagram

ბრიუს უილისმა კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო და განსაკუთრებული წარმატება 1988 წელს ფილმში Die Hard შესრულებულმა ჯონ მაკკლეინის როლმა მოუტანა. ათწლეულების განმავლობაში მსახიობმა კიდევ არაერთ გახმაურებულ ფილმში მიიღო მონაწილეობა და მრავალი საკულტო პერსონაჟი შექმნა, რომელთაც დღემდე მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში.

2022 წელს ბრიუსის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ დაავადების გამო მსახიობი პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.

ამავე თემაზე:

ბრიუს უილისის კარიერა ფოტოებში — 15 საკულტო როლი