თბილისში დაიბადა და გაიზარდა. რამდენიმე წლის წინ ბებიის სოფელთან და ბავშვობის ემოციებთან დაბრუნება გადაწყვიტა. ახლა 30 წლისაა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ახალ კუმისში, ამავე სახელობის (კუმისის) ტბასთან ცხოვრობს და მოსახლეობისგან ნახევრად დაცლილი სოფლის გამოცოცხლება უნდა.

ახალ კუმისს არ აქვს მოასფალტებული გზა, სასმელი ან სარწყავი წყალი, ბუნებრივი აირი, საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ამბულატორია, აფთიაქი ან მაღაზია — არაფერი, რაც, ადგილობრივების ყოფის გამარტივების გარდა, ნინოს სახლის მისაგნებად გამოდგება. ამიტომ, სანამ მივიდოდით, დროდადრო ტელეფონით ადგილმდებარეობას გვიზიარებდა.

გრუნტიან გზაზე ხუთიოდე კილომეტრის შემდეგ, ტბასთან ახლოს მდებარე სახლთან ნინო და მისი კოკერ სპანიელი, დოდო გამოჩნდნენ. გვითხრა, რომ გაგვიმართლა. რამდენიმე დღეა, არ უწვიმია და მანქანით გადაადგილება ახლა შედარებით მარტივია.

ნინო და მისი ძაღლი, დოდო

ფოტო: ლანა როყვა / On.ge

ზოგადად, ყოველთვის ძალიან მიყვარდა სოფელი. არ იყო ჩემთვის ისეთი ადგილი, აი, ქალაქელებს რომ უჭირთ ხოლმე ცხოვრება. ხშირად მესმოდა, რატომ შეიძლება, გიყვარდეს სოფელი, თბილისში ხარ დაბადებული, ასფალტზე გაზრდილი. ძალიან მაღიზიანებდა ასეთი დამოკიდებულება. მინდოდა, არა მხოლოდ მეყიდა აქ სახლი და ჩამოვსულიყავი იშვიათად, არამედ გადმოვსულიყავი საცხოვრებლად.

ნინო ფანცულაია

ნინოს ოთახში ყურადღებას იქცევს შეშის ღუმელი, ძველი ავეჯი, სარკე, რომელმაც უნდა შეგახსენოს, რა ლამაზი ხარ, ხის საკიდი ფრაზით "სტრესის მომხსნელი ზონა", რომელიც კარგად აღწერს მის პატარა და მყუდრო მისაღებს. აქვეა წყლით სავსე და ცარიელი ბოთლებიც, რაც ახალკუმისელების მთავარი პრობლემის მუდმივი შეხსენებაა.

ნინოს სახლის ინტერიერი

ფოტო: ლანა როყვა / On.ge

უწყლობა მთავარი მიზეზია, რის გამოც ნინოს ცხოვრების ტემპი ქალაქისგან განსხვავდება, რადგან ახლა საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზეც კი ძალიან დიდი დრო სჭირდება.

"მარტივი მაგალითით რომ დავიწყოთ, რამდენი ხანი გვჭირდება ბანაობაზე ქალაქში? შეხვედი სააბაზანოში, მოუშვი ცხელი წყალი. აქ, მინიმუმ, მჭირდება ნახევარი დღე. უნდა ჩავიდე, ამოვიტანო წყალი რეზერვუარიდან, საკმაოდ მძიმეა ჩემთვის ბიდონების ტარება, მერე უნდა შევიტანო, გავაცხელო, გავაზავო და დავიბანო. იგივე საკითხია თეფშების დარეცხვა.

თბილისში როცა ჩავდივარ ჩემებთან, დავრეცხავ, ვიბანავებ ძალიან მალე. იმდენი დრო მრჩება, გულწრფელად, ვჯდები და ვფიქრობ, რა მაქვს გასაკეთებელი, რაღაც ხომ არ გამოვტოვე ჩემი საქმეების სიიდან, რადგან ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მაქვს", — გვიყვება ნინო.

წყლის მარაგი, რომელიც ნინოს რამდენიმე დღეს უნდა ეყოს

ფოტო: ლანა როყვა / On.ge

ამ მოცემულობაში ახალ კუმისში მისი გადასვლა ადგილობრივებისთვის უჩვეულო, თუმცა სასიხარულო ამბავი იყო.

"ძალიან უხაროდათ ჩემი გადაწყვეტილება აქ. სიცოცხლესა და იმედს ხედავდნენ, რაც ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო", — იხსენებს ნინო. ახლა დედაქალაქში მხოლოდ ოჯახის მოსანახულებლად ან საყიდლებისთვის ბრუნდება. სია ვრცელია, რადგან იქ ყველაფერია, რაც ადგილობრივებს სჭირდებათ.

ნინო მალევე იქცა კუმისის ტბის დამცველად. ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ტბა, რომელიც ყოველწლიურად გადამფრენ ფრინველებს, მათ შორის, გადაშენების პირას მყოფ სახეობებს გამოსაზამთრებლად მასპინძლობს, ახლა გაქრობის საფრთხის წინაშეა, რადგან წყლის დონემ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია.

ნინო დურბინდით აკვირდება გადამფრენ ფრინველებს კუმისის ტბაზე

ფოტო: ლანა როყვა / On.ge

ის, რომ კუმისის ტბაზე დღეს არა მხოლოდ მეცნიერები, არამედ რიგითი ადამიანებიც წუხან, მეტწილად ნინოს დამსახურებაა. მან ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი და იმ ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, რომლებიც უნიკალური სახეობის ფრინველებს ხოცავდნენ.

2021 წელს პირველი შემთხვევა იყო კუმისის ტბის ისტორიაში, როცა ბრაკონიერები დაიჭირეს და სასამართლომდე მივიდა საქმე. მაგრამ, მოსამართლის კითხვა ძალიან სასაცილო იყო, თუ დაინახე თვალის ფერი იმ ადამიანის, რომელიც ისროდაო. რომ ვუპასუხე, ვერა-მეთქი, უდანაშაულოდ ცნეს და გამოუშვეს. თუმცა, ფაქტი დარჩა, რომ ცოტა ეშინოდეთ.

ნინო ფანცულაია

კუმისის ტბა

ფოტო: ლანა როყვა / On.ge

სანამ ახალ კუმისში გადავიდოდა, თბილისში, ერთ-ერთ კოლეჯში, დეკანის მოადგილედ მუშაობდა. იყო საინიციატივო ჯგუფის წევრი, რომელმაც საექთნო განათლების პროგრამა შეცვალა. ამ პროგრამით დღემდე ასწავლიან საქართველოს ყველა კოლეჯში, რითაც ძალიან ამაყობს. დისტანციურად მუშაობამ საშუალება მისცა, შეენარჩუნებინა კავშირი განათლებასთან. ახლა ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლის და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტშია ჩართული.

სოფლისთვის ბრძოლაში მარტო რომ არ ყოფილიყო, თანამოაზრეები მალევე იპოვა. ფეისბუკზე ახალი კუმისის ჯგუფი შექმნა, სადაც 400-მდე ადამიანი გააწევრიანა. თითოეულთან ინდივიდუალური კონტაქტი აქვს. პრობლემებზე მსჯელობენ, მათი გადაჭრის გზებს ეძებენ, ადგილობრივ ხელისუფლებას პასუხებს სთხოვენ და სხვადასხვა უწყებას ოფიციალური წერილებით მიმართავენ.

ერთად მოაწყვეს დასუფთავების მასშტაბური აქციაც და ნაგავსაყრელად ქცეული სოფლის ტერიტორია გაწმინდეს.

"სხვათა შორის, მოდიოდნენ თანასოფლელები, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ შენ კი ასუფთავებ, მაგრამ მაინც მოვალ და დავყრიო", — იხსენებს ის, თან ამატებს, რომ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, ახლა ნაგავს ურნებში ყრიან. ეს ურნებიც ნინოსა და მისი თანამებრძოლების მოთხოვნით დაიდგა.

შეიძლება, ვიღაცამ თქვას, სოფელზე როგორ დაჯდება და ფიქრობსო, მაგრამ მართლა ასეთი დამოკიდებულება მაქვს. შევიკრიბეთ 10-15 ადამიანი, რომლებიც გუნდურად ვაკეთებთ რაღაცებს, რაც სოფელს სიკეთეს მოუტანს. მუნიციპალიტეტს 5 წელია, ვუმეორებთ, რომ წყალი გვჭირდება. პასუხი არის, რატომ გჭირდება, რატომ უნდა გავაკეთო?

ნინო ფანცულაია

ფოტო: ლანა როყვა / On.ge

სოფელში ცხოვრება მარტივი არასდროს წარმოედგინა, მაგრამ მხოლოდ იქ ჩასვლის შემდეგ მიხვდა, რამდენი საქმე აქვთ ადგილობრივებს, განსაკუთრებით კი, ქალებს.

"მაინც მეგონა, საღამოს დაისვენებ, ჰამაკში წამოწვები, სიმწვანეში ხარ, ბუნება და ა.შ. სოფელი დასვენებასთან და რელაქსაციასთან ასოცირდება, მაგრამ ჩემთვის აღარ არსებობს უკვე განსაკუთრებული დასვენების დღე. მუდმივად შრომაში ხარ. ვერ დაჯდები, სულ რაღაც გამოჩნდება, რაც გასაკეთებელია, რისთვისაც ძალიან დიდი ენერგია გჭირდება.

რომ ვუყურებ, ქალები ძალიან ბევრ და გაცილებით მძიმე შრომაში არიან, რადგან ყველაფერთან ერთად სახლის საქმე აქვთ. საჭმელი უნდა გააკეთონ, გარეცხონ, ვერასდროს ვერ ისვენებენ. ის რომ აქ არ გვჭირდებოდეს წყალზე ამხელა ენერგია, ეს იქნება უდიდესი შვება მათთვის და ჩემთვისაც", — ამბობს ნინო.

მიუხედავად ყველა სირთულისა, სჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც, როცა მარტო ხარ და გეშინია კიდეც, რაც სრულიად ნორმალურია.

ზოგჯერ სრულ უიმედობამდე და სასოწარკვეთამდე მივდივარ. შიში მიპყრობს. აქ შეიძლება, პოლიცია ძალიან გვიან ან საერთოდ არ მოვიდეს. ვიღაც რომ მომადგეს, თუნდაც, ბრაკონიერი და უბრალოდ სიტყვიერად დამემუქროს, მიღირს ეს შიში იმად, რასაც ვაკეთებ?

თუმცა, რაღაც ძალა არის, რაც არ მაჩერებს. მინდა, არასდროს დავკარგო რწმენა, რომ ერთ ადამიანს შეუძლია, არამხოლოდ საკუთარი ყოფა შეცვალოს. სხვა ადამიანების, ჩემი სოფლისა და ამ მიწის დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. არ მინდა, გამაჩეროს შიშმა და უსამართლობამ, რომ მერე სხვას ამ გაჩერებით იმედი ჩავუკლა.

ნინო ფანცულაია

ფოტო: ლანა როყვა / On.ge

დანებებას არ აპირებს. ადგილობრივების უკეთესი ცხოვრებისთვის ბევრი იდეა აქვს. გაზაფხულიდან თავისი ბიომეურნეობის მოწყობასაც გეგმავს. რაც ზუსტად იცის, ისაა, რომ ბუნებასთან მისი ურთიერთობა ორმხრივად სასარგებლო იქნება. უნდა, მისი ენთუზიაზმი იმ ადამიანებისთვისაც გადამდები იყოს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით სოფლის დატოვება უხდებათ, ამის დასტურად კი ახალ კუმისში ათობით დანგრეული სახლიც გამოდგება.

"ყველამ იბრძოლოს თავისი მიწისთვის, რადგან ძალიან დიდი ძალა ვართ. ყოველთვის ყველგან უნდა ისმოდეს ჩვენი ხმა და ზუსტად ვიცი, ამ ხმის გაგების შემდეგ შეიძლება, იყოს ძალიან მინიმალური შედეგი, მაგრამ ეს პატარა შედეგიც არის ძალიან დიდი ამბის დასაწყისი. ვიცი, როგორი რთულია უპირობო სოფელში ცხოვრება. მე თუ შევძელი და ჩემ გარდა, 395 ადამიანი იბრძვის ჩემთან ერთად, ე.ი. შესაძლებელია", — ამბობს ნინო.

არავინ ანადგურებდეს იმას, რაც ასე უყვარს — ეს არის მთავარი, რისთვისაც იბრძვის.

აქ მინდა ცხოვრება. მართლა ვგრძნობ, "შინ" რაც არის. საქართველო ძალიან მიყვარს. ერთი წელი ევროპაში ვცხოვრობდი და მქონდა გულისტკივილი. თუ შეიძლება, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ ამდენს მიაღწიოს, ჩვენ რატომ არა?

ყველაფერი გვაქვს, ზღვაც, მთაც, უდაბნოც, ვაკეც. ვანადგურებთ, ვაშრობთ, ვკლავთ და ვუყურებთ. რატომ? მომეცი საშუალება, გავაკეთო, გადავარჩინო, ვიამაყო. ყველანაირად მიბლოკავ ყველაფერს. ასეთ დამოკიდებულებაში, პატარ-პატარა ნაბიჯებში ჩანს ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი. ჰოდა, აქ არის ჩემი ქვეყანა, ამ მიწაზე. ახალ კუმისში რომ ვზივარ აქ, ბუხრის პირას, გარეთ რომ მეგულება მილიონი ფრინველი, აი, ეგ არის, რა.

ნინო ფანცულაია