ინფორმაციას სამართალდამცავი უწყება ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 2022 წლის 12 ოქტომბერს თბილისის მერიამ ვაკის პარკის შადრევანი საზეიმოდ გახსნა, 13 ოქტომბერს კი შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო 2 ბავშვი დაშავდა.

  • პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია გრინსერვისი+ ასრულებდა, რომლის დამფუძნებლის, ლაშა ფურცხვანიძის წინააღმდეგ, 2013 წელს სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
  • შადრევნის ოფიციალურად დოკუმენტაციაში წერია, რომ გრინსერვისი+-მა ჩააბარა, ხოლო მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მიიღო მშენექსპერტის ინსპექტირების ანგარიშით დადასტურებული შადრევნისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები — თუმცა უსაფრთხოების დასკვნა ნახსენები არ არის.
  • გამოძიების თანახმად, ლაშა ფურცხვანიძემ შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.
  • საქმეზე ბრალი წაუყენეს 9 პირს, მათ შორის გრინსერვის+-ის დირექტორს, კომპანიის სამუშაოთამწარმოებელს და 1 თანამშრომელს — ყალბი დოკუმენტების დამზადებაზე და გულგრილობაზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
  • აღკვეთის ღონისძიების სახით ყველა დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა.

დეტალები: პროკურატურის ცნობით, ბრალი დაუმძიმდათ გრინსერვისი +-ის დირექტორს, ამავე კომპანიის თანამშრომელს, მშენ-ექსპერტის დირექტორსა და ექსპერტს.

  • გრინსერვისის დირექტორს ბრალდება დაუმძიმდა უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, ასევე — ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე;
  • გრინსერვისი+-ის თანამშრომელს — ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებაზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, მშენ-ექსპერტის დირექტორსა და ამავე კომპანიის ექსპერტს კი — ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც, ასევე, მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

უწყების განცხადებით, მშენ-ექსპერტის დირექტორმა და ექსპერტმა შეისწავლეს მხოლოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისობა დანახარჯებთან და არა მათი შესაბამისობა სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.

  • "მიუხედავად იმისა, რომ შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, 25 აგვისტოს, მშენ-ექსპერტის ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში, ასევე, დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.
  • აღნიშნული ყალბი დასკვნა გრინსერვის+-ის დირექტორმა, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარადგინა", — ნათქვამია განცხადებაში.