ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა, რომ როდესაც შორეული ვარსკვლავიდან წამოსული სინათლე ჩვენსა და ამ ვარსკვლავს შორის არსებულ რამე ობიექტთან ჩაივლის, გრავიტაცია გამადიდებელი ლინზასავით იქცევა და სინათლეს უფრო ადიდებს და ამრუდებს. 1936 წელს, ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აინშტაინი ამბობს:

"რადგანაც ვარსკვლავები ერთმანეთისგან ძალიან არიან დაშორებულნი, არ მაქვს იმედი, რომ ამ ფენომენს ოდესღაც პირდაპირ დავაფიქსირებთ“.

თუმცა, აინშტაინის უიმედობის მიუხედავად, საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა, კაილაშ საჰუს ხელმძღვანელობით, ეს შეძლო. სტატია 2017 წლის 9 ივნისს (81 წლის შემდეგ!) ჟურნალ Science-ში გამოაქვეყნეს. ეს კვლევა აინშტაინის „გრავიტაციული მიკროლინზირების“ კონკრეტული ტიპია, რომელიც სხვა ვარსკვლავმა გამოიწვია და არა - მზემ.

Science-ში გამოქვეყნებულ სხვა ნაშრომში, რომლის სათაურია „საუკუნის საჩუქარი აინშტაინისგან“, ტერი ოსუალტი (ემბრი-რიდლის აერონავტიკული უნივერსიტეტი) ამბობს, რომ ეს აღმოჩენა ახალ ფანჯარას გვიხსნის „ჩვენი გალაქტიკის მსგავსი გალაქტიკების ევოლუციისა და ისტორიის გასაგებად“.

უფრო კონკრეტულად კი, ოსუალტი ამბობს:

„საჰუსა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევა გვაძლევს ახალ გზას განვსაზღვროთ ისეთი ობიექტების მასები, რომლებსაც სხვანაირად მარტივად ვერ ვზომავთ. გუნდმა კოლაფსირებული ვარსკვლავის, თეთრი ჯუჯის ნარჩენის მასა. ასეთმა ვარსკვლავებმა წყალბადის წვის პროცესიდაასრულეს და აქედან გამომდინარე, ჩვენს გალაქტიკაში არსებული წინა თაობის ვარსკვლავების ნარჩენები არიან“.

ასტრონომი ოსუალტის აზრით, „აინშტაინი იამაყებდა. მისმა ერთ-ერთმა უმთავრესმა წინასწარმეტყველებამ მკაცრ ტესტს გაუძლო“.

რა არის აინშტაინის რგოლები?

აინშტაინის მიერ ნაწინასწარმეტყველები ვარსკვლავების გრავიტაციული მიკროლინზირება ადრეც დაფიქსირდა. 1919 წელს, ვარსკვლავის შუქის გაზომვებმა, რომელიც მზის სრული დაბნელებისას გამრუდდა, აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის ერთ-ერთი პირველი მტკიცებულება მოგვცა.

„როდესაც ვარსკვლავი ჩვენსა და სხვა ვარსკვლავს შორის ჩაივლის, გრავიტაციული ლინზირება სინათლის იდეალურად მრგვალ რგოლს აჩენს, რომელსაც აინშტაინის რგოლები ეწოდება“. - ამბობს ოსუალტი.

ასტრონომები ჰაბლის ტელესკოპით თეთრ ჯუჯასა და მის ფონზე მყოფ ვარსკვლავს ორ წლიანი პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ჰაბლმა დაინახა, რომ როდესაც მკვდარმა ვარსკვლავმა (თეთრმა ჯუჯამ) ჩაიარა ფონზე მყოფი ვარსკვლავის წინ, მისი (ფონზე მყოფი ვარსკვლავის) შუქი გაამრუდა. ამის დაფიქსირება ექვივალენტურია ჭიანჭველის ხოხვის დაფიქსირებისა, რომელიც 2500 კილომეტრითაა ჩვენგან და 25 ცენტიანზე მიხოხავს... ამ გაზომვებით, მათ დაადგინეს, რომ თეთრი ჯუჯის მასა მზის მასის 68%-ია.

ფოტო: NASA, ESA, and K. Sahu (STScI)

საჰუს ჯგუფმა დაახლოებით ასეთი სცენარი დააფიქსირა: ორი ობიექტი ოდნავ აცდენილები იყვნენ ერთმანეთისგან, ამიტომ აინშტაინის რგოლის ასიმეტრიული ვერსია წარმოიქმნა.

„რგოლი და მისი სიკაშკაშე გასაზომად ძალიან მცირე იყო, მაგრამ მისმა ასიმეტრიულობამ შორეული ვარსკვლავი თავისი ნამდვილი პოზიციიდან წანაცვლებული გამოაჩინა. აინშტაინის წინასწარმეტყველების ამ ნაწილს „ასტრომეტრიული ლინზირება“ ჰქვია და საჰუს გუნდი პირველი იყო, რომელმაც ამისი დაფიქსირება სხვა ვარსკვლავზე შეძლო“, ამბობს ოსუალტი.

„მთავარი იდეა ის არის, რომ ფონზე მყოფი ვარსკვლავის პოზიციის ხილული გარდატეხა პირდაპირ კავშირშია თეთრი ჯუჯის მასასა და გრავიტაციასთან.“ - განაცხადა ოსუალტმა.

ოსუალტის თქმით, ეს აღმოჩენა, სულ ცოტა, სამი მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი:

1. „ კვლევა მოიცავს დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემას, რომელიც ამ თეთრი ჯუჯის (Stein 2051 B) მასასა და შედგენილობას ეხება.

2. „საჰუს გუნდმა დაამტკიცა ასტროფიზიკოსი სუბრაჰმანიან ჩანდრასეკარის 1930 წელს ნობელის პრემიის ამღები თეორია, რომელიც თეთრი ჯუჯა ვარსკვლავების მასებსა და რადიუსს შორის კავშირს ეხება. ახლა უკვე ვიცით, რომ Stein 2051 B იდეალურად ნორმალურია. ის არ არის მასიური თეთრი ჯუჯა ეგზოტიკური შედგენილობით, როგორც ეს თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ეგონათ.

3. „მასების განსასაზღვრი ეს მეთოდი ძალიან ღირებული იქნება ასტრონომებისთვის, რადგან შემდეგი კვლევებით, კიდევ ბევრ ასეთ ობიექტს აღმოვაჩენთ“.

მისი თქმით, საშუალო ვარსკვლავთმჭვრეტელისთვის ეს კვლევები მნიშვნელოვანია, რადგან „ჩვენს გალაქტიკაში წარმოქმნილი ვარსკვლავების 97%, მზის ჩათვლით, გახდებიან ან უკვე გახდნენ თეთრი ჯუჯები - ისინი გვიამბობენ ჩვენს მომავალზე, ისევე როგორც ჩვენს ისტორიაზე“.