ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 4 თებერვალს, ეროვნულ გალერეაში, კულტურის ცენტრ ათინათის გამოფენის გახსნაზე, მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ნაცვლად, კედელზე დატოვა წარწერა — "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".

  • ქართული სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებმა საქართველოს შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართეს და სთხოვეს სულაბერიძის მიმართ აღძრულ საქმეს კვალიფიკაცია შეცვალოს და საკითხი მხატვარსა და გალერეას შორის მოლაპარაკებით მოგვარდეს.
  • შსს-მ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახით 1-დან 2 წლამდე შინაპატიმრობას ან თავისუფლების 3-დან 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
  • სულაბერიძის მხარდასაჭერად 12 თებერვალს აქციაც გაიმართა.

დეტალები: საია მიიჩნევს, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნებს.

  • მათი განმარტებით, ქურდობა გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება. შესაბამისად, გამოძიების დაწყება ზემოთ მითითებული კვალიფიკაციით, იმთავითვე არასწორია.
  • ამბობენ, რომ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ საქმეებში სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლები სისხლის სამართლებრივი რეჟიმის გამოყენებისას ვიწროა.
  • ორგანიზაციის თქმით, ევროპული სასამართლო არაერთ საქმეში მიუთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული სანქცია, თავისი არსით, ცენზურას არ უნდა უტოლდებოდეს და მსუსხავი ეფექტი არ უნდა ჰქონდეს კრიტიკული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობაზე.
  • საია მიიჩნევს, რომ სანდრო სულაბერიძის ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, და ამ კუთხით მის წინააღმდეგ გამოძიების წარმოება მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებით განმტკიცებულ გარანტიებს.
  • მათი განმარტებით, მსგავსი ტიპის გამოძიება ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლის მექანიზმია, რომლის მიზანიც სხვა პირებისთვის არის ერთგვარი მითითება/გაფრთხილება, გარკვეულ საკითხებზე საკუთარი პოზიციების გამოხატვისგან შეიკავონ თავი.

ორგანიზაცია წერს, რომ სამინისტროში თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ უწყების დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო.

  • შედეგად, ამ დროისთვის მრავალი დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული პოზიციებიდან.
  • საია თქმით, ისინი აქტიურად მუშაობენ კულტურის სფეროში მიმდინარე შრომით დავებზე, რომლებიც ახალი მინისტრის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია.
  • აღნიშნავენ, რომ სახალხო დამცველის 2022 წლის 26 ოქტომბერის რეკომენდაცია განსხვავებული მოსაზრებების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე, რომლის საფუძველზეც უწყებას დაევალა დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრა, რაც სრულიად უპასუხოდ იქნა დატოვებული.

საია აქციაზე: საპროტესტო აქციაზე სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძესთან სამართალდამცავების დაპირისპირებაზე წერენ, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, როგორც აზრის გავრცელების საშუალება, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია.

  • და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით ისე საერთაშორისო აქტებით.
  • ორგანიზაციის განმარტებით, შეკრება ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას.
  • "სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩაერიოს მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს შეკრების თავისუფლებაში. ნებისმიერი ძალადობრივი აქტი არის არალეგალური და არღვევს ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებს", — ნათქვამია განცხადებაში.
  • ამბობენ, რომ ნატა ფერაძის ინციდენტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იძლევა საშუალებას ვიფიქროთ, რომ ადგილი ჰქონდა შეკრების თავისუფლებაში არალეგიტიმურ ჩარევას.

საია მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტოს ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევა.

  • ასევე, თავი შეიკავოს შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევისგან, ხოლო, გულდასმით შეისწავლოს ასეთი ფაქტები და მოახდინოს მასზე ჯეროვანი რეაგირება.