საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი Birja Mafia-ს დაკავებულ წევრებს სოლიდარობას უცხადებს.

"თქვენთან ვარ ბიჭებო! #FreeBirjaMafia #თავისუფლება", – წერს ბერა ფეისბუკის პირად გევრდზე.

რეპერების დუეტის, Birja Mafia-ს წევრებს, გიორგი ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რეპერებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისში დაკავებული რეპერების მხარდასაჭერად დღეს მასშტაბური აქციაც გაიმართა, რომლის მთავარი მოთხოვნა მათი გათავისუფლება იყო.