ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ ემანუელ მაკრონსა და ოლაფ შოლცს ოთხშაბათს საღამოს პარიზში შეხვდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს ზელენსკის მეორე საგარეო ვიზიტია საზღვარგარეთ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

  • სამხედრო ექსპერტების შეფასებით, მოკავშირეების თავშეკავება, მიაწოდონ უკრაინას F-16 მებრძოლები და შორ მანძილზე მოქმედი ATACMS რაკეტები, კიევს ეფექტური თავდაცვის განხორციელებასა და კონტრშეტევის დაწყებაში ხელს უშლის, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
  • ზელენსკის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ბელგიაში ამ დახმარების მიღებას უკავშირდება.
  • ხუთშაბათს უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელს ეწვევა, სადაც ევროკავშირის ლიდერებსაც შეხვდება.

დეტალები: უკრაინის პრეზიდენტმა მოიერიშე თვითმფრინავები საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებსაც სთხოვა.

  • შოლცმა და მაკრონმა უკრაინას მუდმივი მხარდაჭერა აღუთქვეს.
  • რუსეთი ამბობს, უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების შემთხვევაში "მოსკოვიდან პასუხი იქნება".

ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთს და გერმანიას აქვს პოტენციალი გახდნენ "თამაშის შემცვლელები" რუსეთთან წინააღმდეგ ბრძოლაში.

  • ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკრაინას მიაწოდებენ საბრძოლო ტანკებს, თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებს და შორი დისტანციის რაკეტებს.
  • მან დაადასტურა, რომ ლიდერებთან განიხილა თვითმფრინავების მიწოდების საკითხი და დასძინა, რომ ამის გასაკეთებლად ცოტა დრო დარჩა.
  • ზელენკსის არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება მაკრონისა და პუტინის ხშირი სატელეფონო საუბრის გამო, თუმცა ამჯერად აღნიშნა, რომ სჯერა, რომ მაკრონი შეიცვალა, და ის საკვანძო ფიგურა გახდა უკრაინისთვის ტანკების გადაცემაში.

შოლცი ზელენსკისთან შესახვედრად სპეციალურად ბერლინიდან პარიზში გაემგზავრა.

  • "პოზიცია უცვლელია: რუსეთმა არ უნდა მოიგოს ეს ომი", — განაცხადა მან.
  • გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, გერმანია და მისი პარტნიორები უკრაინას ფინანსურად, ჰუმანიტარული დახმარებითა და იარაღით უჭერდნენ მხარს.

  • "ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას მანამ, სანამ საჭირო იქნება", — განაცხადა მან.

  • გერმანიის კანცლერის ინფორმაციით, ხუთშაბათს ევროკავშირის სამიტზე ლიდერები კიევისადმი სოლიდარობის ძლიერ სიგნალს გააგზავნიან.

  • "მე მკაფიო გზავნილს ვაგზავნი ბრიუსელში: უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს", — თქვა მან.

მაკრონმა ოთხშაბათს პარიზის ელისეის სასახლეში ზელენსკისთან შეხვედრისას პირობა დადო, რომ საფრანგეთი მტკიცედ დაუდგება უკრაინის გვერდით.

  • "გადაწყვეტილია დავეხმაროთ უკრაინას გამარჯვებაში და მისი კანონიერი უფლებების აღდგენაში", — განაცხადა მან.
  • საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, პარიზი აგრძელებს ძალისხმევას კიევისთვის იარაღის მიწოდებისთვის.